ახლა ლუჟკოვის დაკავება არ იქნებოდა სწორი – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაზა ხუციშვილმა. ხუციშვილი მიიჩნევს, რომ მომავალში, თუკი ლუჟკოვი შეეცდება საქართველოში შემოსვლას, ის არ უნდა შემოუშვან.
“პრემიერის ვიზიტი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ძალიან დიდი სიურპრიზით და სასიამოვნო შეხვედრით დამთავრდა ტრამპთან. ამ ოდიოზური კაცის ვიზიტმა, რომელიც კერძო ვიზიტით ჩამოვიდა და არც ერთი ოფიციალური პირი არ დახვედრია, ეს გადაფარა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მაგალითად, ჟერარ დეპარდიე რომ საქართველოში რომელიმე ფესტივალზე ჩამოვიდეს, უნდა დავიჭიროთ. მე ვთვლი, რომ მომავალში თუკი ლუჟკოვი შეეცდება საქართველოში შემოსვლას, ის არ უნდა იყოს შემოშვებული. ახლა მისი დაკავება არ იქნებოდა სწორი. მითუმეტეს, მას პასპორტში არანაირი ჩანაწერი არ ჰქონდა, რომ ის ნამყოფია აფხაზეთში. ცოტა ისე შევხედოთ, გასაგებია, რომ გააკეთა განცხადება, რომელიც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომელ კანონს ემორჩილება რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში რომ ლუჟკოვმა ჩვენი რომელიმე კანონი დაიცვას”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.