ახლა ყველაზე მეტად ის მადარდებს, თუ რა იქნება არჩევნების შემდეგ მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს

ხვალ პირდაპირი წესით ბოლოჯერ ვირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს 6 წლის ვადით. მოლოდინი, რომ უფლებაშეკვეცილი პრეზიდენტის არჩევნები მშვიდი იქნებოდა, არ გამართლდა, სამწუხაროდ. მივიღეთ სრულიად საპირისპირო – უპრეცედენტოდ დაძაბული და ბინძური წინასაარჩევნო გარემო. თანაც ეს ნეგატიური კამპანია გავრცელდა ყველა ადამიანზე და მოქალაქეებში წარმოუდგენელი აგრესია გამოიწვია.

ჩემთვის პირადად ყველაზე მიუღებელი ზუსტად ეს აგრესია იყო მიუხედავად იმისა, თუ ვისგან მომდინარეობდა ის. მეორე მიუღებელი ფაქტი ისევ ჩვენი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გრძნობებით თამაში იყო. ვფიქრობ, რომ საქართველოში ერთხელ და საბოლოოდ უნდა მორჩეს ამომრჩევლების მოსყიდვა და დაშინება. ყველა პარტიას საკმარისი დრო აქვს ხელისუფლებაში ყოფნის დროს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ღირსეული საარსებო პირობები შეუქმნას და მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ მოეძალოს მათი დახმარების სურვილი.

უკვე მეოთხე თვეა ამ არანორმალურ რეჟიმში გვიწევს ყოფნა. გამოიყენეს ყველანაირი ჭუჭყიანი მეთოდი კანდიდატების შეურაცხყოფისა და რეპუტაციის შელახვისთვის. ამ აგრესიულ კამპანიაში მე და ჩემი კოლეგებიც ჩაგვრთეს. მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო გულის სიღმემდე შეურაცხყოფილი და ზოგ შემთხვევაში გაბრაზებულიც კი ვარ, მაინც ამ ყველაფერზე მაღლა ვდგებით და არ ვკარგავთ ობიექტურობას.

ახლა ყველაზე მეტად ის მადარდებს, თუ რა იქნება არჩევნების შემდეგ მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს. ჩვენ ყველამ ხომ ისევ ამ ქვეყანაში უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. ვფიქრობ ყველაზე მთავარი ისაა, რომ პირველ რიგში ჩვენ ქვეყანაზე ვიფიქროთ, წავიდეთ არჩევნებზე და მივცეთ იმას ხმა, ვისაც სინამდვილეში ვემხრობით. არ ჩავერთოთ დაპირისპირებაში და არ ავყვეთ აგრესიულ მოწოდებებს. ასევე არ მივცეთ საშუალება ვინმეს ჩვენს არჩევანზე მოახდინოს გავლენა, რომელი მხარეც არ უნდა იყოს ის. წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქვეყანას, რომელიც ძალიან მიყვარს ❤. მინდა ასევე მჯეროდეს, რომ მსგავსი ბინძური კამპანიებისა და დაპირისპირებების მომსწრენი აღარ გავხდებით ჩვენ საქართველოს მოქალაქეები!

აქვე დიდ მადლობას გადავუხდი საქართველოს პრეზიდენტს Giorgi Margvelashvili გიორგი მარგველაშვილს მისი მხარდაჭერისთვის!-წერს ეკა გიგაური “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიმტერს უკვე გამოყენებული აქვს მისი გამონათქვამები, მას ხშირად ციტირებებს ხოლმე პუტინი…
შემდეგი სტატიასენაკში გაერთიანებული ოპოზიციის ორი აქტივისტი დააკავეს