ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ახალი დეტალები

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 7, 2020 16:51

ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ახალი დეტალები

მკოიანების ოჯახის ადვოკატმა სასამართლო საქმიდან ამოღებული რამდენიმე ექსკლუზიური ვიდეოკადრი გაავრცელა.
ვიდეოზე, ჩანს ახალქალაქში მომხდარი გახმაურებული ფაქტის დეტალები, კერძოდ როგორ ესვრის ცეცხლსასროლი იარაღიდან გეორგი პეტროსიანი დამიზნებით ენზელ მკოიანს.
ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი განმარტავს:
„26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე, სამველ პეტროსიანმა მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ენზელ მკოიანის ძმისშვილს, 12-ე კლასის მოსწავლეს ა.მ-ს. ამ საკითხზე იმავე დღეს, გეორგი პეტროსიანი, (სამველის შვილი) მეგობრებთან ერთად სიტყვიერად დაუპირისპირდა მასთან “მხოლოდ სასაუბროდ შეხვედრაზე მყოფ” ა.მ-ს ბიძაშვილს კარაპერტ მკოიანს, რომელსაც ახლდა თავისი ნათესავები. დაპირისპირება მოხდა გეორგი პეტროსიანის კაფე “გოლდის“ და მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლის მიმდებარედ გზაზე. ხმაურზე სახლიდან გამოვიდა მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, რომელმაც თავის ახლობლებს და მეორე, დაპირისპირებულ მხარეს მოუწოდა, რომ დაშლილიყვნენ. ამის შემდეგ, მკოიანების თანმხლები პირები წამოვიდნენ ენზელ მკოიანის მხარეს, მისი საცხოვრებელი სახლისაკენ ენზელ მკოიანთან ერთად და რეალურად, ისინი გაეცალნენ ტერიტორიას.
სიტუაცია უკვე განმუხტული იყო, როდესაც თავისი კუთვნილი ავტომანქანით ადგილზე მივიდა სამველ პეტროსიანი, გეორგი პეტროსიანის მამა (ახალქალაქის პოლიციის ყოფილი უფროსი, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან). გაბრაზებული სასწრაფოდ გადმოვიდა ავტომანქანიდან, გაემართა მისი შვილის მიმართულებით, დაუძახა, რომ შესულიყო სახლში და ამათ მე გავუსწორდებიო. შვილი და მისი თანმხლები პირები მას ამშვიდებდნენ, წინ ეფარებიან და აკავებდნენ, რომელიც იწევდა ენზელ მკოიანის მიმართულებით და ეს ყველაფერი კარგად ჩანს კადრებში“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში.“
როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს, ამის შემდეგ, უცებ, პეტროსიანი იღებს იარაღს.
„მან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და დამიზნებით სამჯერ ესროლა მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანს. ამ დროს დეპუტატი უკვე საკუთარ სახლთან იყო მისული. მას ერთმა ტყვიამ ყურთან ახლოს ჩაუარა, ერთი კი მის ფეხებთან მოხვდა ასფალტს და დეპუტატი სხვადასხვა მანერებით ცდილობდა მისკენ ნასროლი ტყვიების აცდენას (ხედავთ, როგორ იფარებს ხელს და სხვადასხვა მანერებით ცდილობს ტყვია აიცილოს). დეპუტატის უკან იდგა მისივე ძმის შვილი ა.მ. რომელიც ასევე ცდილობ აიცილოს ნასროლი ტყვიები და მანქანების მიმართულებით გარბის. სამი გასროლის შემდეგ, სამველ პეტროსიანის პისტოლეტმა ვეღარ გაისროლა, „გაიჭედა“ ტყვია“ – განაცხადა ადვოკატმა.
დეპუტატის მისამართით განხორციელებული გასროლის შემდეგ, როგოც ვიდეოკადრებში ჩანს, დეპუტატიც აკეთებს გასროლას. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, თავდაცვის მიზნით, რადგან, ამ დროს, როცა პეტროსიანი დეპუტატს ესვრის, ქუჩაში უამრავი ხალხია, ფაქტს ყველა ხედავს და ყველა გარბის.
„ამასობაში, ენზელ მკოიანმა ამოიღო თან მქონი, მასზე გაფორმებული იარაღი და თავდაცვის მიზნით, გადაადგილდა მისკენ რომ შეშინებოდა სამველ პეტროსიანს, მოახდინა ჰაერში ორი გასროლა. ენზელ მკოიანი იმყოფებოდა თავდაცვის მდგომარეობაში, რადგან მას დამიზნებით ესროლა და ცდილობდა მის მოკვლას. ამასობაში, იქ მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა განაიარაღეს სამველ პეტროსიანი, რითაც ამოიწურა კონფლიქტი“ – განმარტა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.
მომხდარის გამო დაკავებულია 2 პირი – ს.პ. და ა.მ. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით და იარაღად სხვა საგნის გამოყენებით) წარედგინა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ასევე ცნობილი ხდება რომ ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობა დაკავებული მოზარდის – არმენ მკოიანის გათავისუფლებას ითხოვს.
აღნიშნული მოთხოვნით მათ 20 000 ხელმოწერა შეაგროვეს. ისინი არმენ მკოიანს თავდებში უდგებიან.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 7, 2020 16:51

Google სტატისტიკა


3,819
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics