“ახალი თაობა”-ზვიად სიჭინავა “ოცნებასთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს…

ზუგდიდის მერის ვადამდელი არჩევნები ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც საგანგებოდ არჩევენ კანდიდატებს. ამ შერჩევაში კი, შესაძლოა, შიდა დაპირისპირებას გამოჰკრან ხელი.
როცა ამ თემაზე პირველად დაიწყო საუბარი, ნაციონალებს სანდრა რულოვსის კანდიდატურა ჰქონდათ შერჩეული, “ოცნებამ” კი არჩევანი ირაკლი ჩიქოვანზე შეაჩერა.
ძალიან მალე ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც პოზიციები შეიცვალეს. მმართველმა გუნდმა ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი გეგა შენგელია აირჩია, ყოფილმა ხელისუფლებამ კი – ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.
ახლახან გაირკვა, რომ მმართველი პარტია და ნაციონალები ისევ ცვლიან პოზიციებს. ყოფილი ხელისუფლება, როგორც მის კულუარებში ამბობენ, ისევ სანდრა რულოვსის კანდიდატურისკენ იხრება. სანდრა რულოვსს ზუგდიდში ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
მხარდამჭერების ნაკლებობას არც ნიკა მელია უჩივის, მაგრამ მასთან დაკავშირებით რაღაც ჭორები ვრცელდება და შეიძლება, ესეც იყოს გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი.
როგორც ამბობენ, მას პარტიაში ვიღაც-ვიღაცებთან უთანხმოება აქვს და ამის გამო შეიძლება ნაცმოძრაობა დატოვოს.
რაც შეეხება “ოცნებას”, როგორც ხელისუფლებასთან დაახლოებული წყარო გვიყვება, აქ უმეტესობა დამოუკიდებელი კანდიდატის, ზვიად სიჭინავას მხარეს გადაიხარა.
ზვიად სიჭინავა ამ თემაზე დიდი ხანია “ოცნებასთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, მან მმართველი პარტიის ბოსებს შეუთვალა, რომ საარჩევნო კამპანიისთვის ფულს თავად დახარჯავდა. ფულის ამბავი “ოცნებისთვის”  ძალიან მნიშვნელოვანია. ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისედაც ბევრი ფული დახარჯა. მომავალში კიდევ უფრო მეტის დახარჯვა მოუწევს _ წინ საპარლამენტო არჩევნებია.
გარდა იმისა, რომ სიჭინავას თავად აქვს სერიოზული ფული, ის ზუგდიდში სერიოზული ავტორიტეტით სარგებლობს და სერიოზული ხმების აღება შეუძლია.
იმ შემთხვევაში, თუ “ოცნებაში”  არ გადაიფიქრეს და ის კანდიდატად დაასახელეს, ნაციონალები მას აუცილებლად წამოაძახებენ ნაციონალურ წარსულს. არავისთვის უცხო არ არის, რომ წლების წინ ის მიხეილ სააკაშვილმა ჩამოიყვანა რუსეთიდან და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად დასვა.
პრეზიდენტობის მიწურულს ის სკანდალში გაეხვია. აფხაზეთში ყოფნისას მან სუფრაზე აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ისე ადღეგრძელა. ეს ვიდეო აფხაზმა ბლოგერმა გოგონამ განათავსა სოციალურ ქსელში.
სიჭინავას მომხრეებს ამ ამბის გახსენება არ უყვართ. როცა პირველად ითქვა, რომ სიჭინავა მერობისთვის იბრძოლებდა, “ახალმა თაობამ” აფხაზური სკანდალი გაიხსენა. ამან მისი მომხრეები ძალიან გააბრაზა. მათი განცხადებით, სიჭინავას ჟესტი ყველამ ვერ გაიგო და ეს ყველაფერი შესარიგებლად გაკეთდა.

შორენა მარსაგიშვილი
გაზეთი “ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძე : აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადების არასწორი ინტერპრეტირება ხდება
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილის დაკვეთის ხუთოსანი შემსრულებელი – ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე საუბრობს