“ახალი თაობა” -ზურაბიშვილი და ივანიშვილი “ოცნებას” სიურპრიზს უმზადებენ

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მმართველი პარტია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. “ქართული ოცნების” კულუარებში უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი რაღაცისთვის ემზადება.
ექსპერტების განმარტებით, ახლა ერთადერთი, ვისაც ვადამდელი არჩევნები აწყობს, “ქართული ოცნებაა” და სწორედ ეს არჩევნებია ამ პარტიის გადარჩენის შანსი.
“ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ოფიციალურად მალე გამოცხადდება.
ამ დღეებში “ოცნების” მამამთავარი საქართველოს პრეზიდენტთან აპირებს შეხვედრას, სადაც ვადამდელ არჩევნებზე იქნება საუბარი.
“ოცნების” ლიდერი და მისი გამოისობით გაპრეზიდენტებული ზურაბიშვილი იმ სქემას განიხილავენ, რომლის მიხედვითაც საქმე ვადამდელ არჩევნებამდე უნდა მივიდეს.
ამის სანაცვლოდ პრეზიდენტმა შეიძლება რაღაც პირობები დააყენოს. როგორც ამბობენ, მათ შორის უკვე გაირბინა შავმა კატამ და ეს იყო მიზეზი იმისა, რომ პრეზიდენტი პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებას არ დაესწრო.
“ოცნებაში” არ გამორიცხავენ, რომ ზურაბიშვილმა ვადამდელის მხარდაჭერის სანაცვლოდ მმართველი პარტიის სიაში თავისი ხალხის ჩასმა მოითხოვოს.
მმართველ პარტიასთან დაახლოებული წყარო “ახალ თაობას” უყვება, რომ პრეზიდენტმა უკვე მოითხოვა რამდენიმე ქვეყანაში ელჩად მისი კადრის დანიშვნა.
ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში ივანიშვილი მართლა მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდება. მას სახელისუფლებო გუნდიც ჰყავს და საკუთარი ოპოზიციაც.
არავინ დავობს იმაზე, რომ “ოცნებიდან” წამოსულები ივანიშვილის ფრთებქვეშ იქნებიან შეფარებული. ეს წამოსულების განცხადებებიდანაც აშკარად იკვეთება. ისინი ხელისუფლებას მწარედ ლანძღავენ, მაგრამ ცოცხალი თავით არ ახსენებენ მთავარი მეოცნების გვარს.
მართალია, ვადამდელი არჩევნები არ დანიშნულა, მაგრამ “ოცნებაში” უკვე საუბრობენ იმაზე, თუ ვინ იქნება მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ეს ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.
სავარაუდოდ, ის ჩაუდგება “ოცნების” საარჩევნო სიას სათავეში, თუ თანაგუნდელებმა კიდევ რამე არ გაუჩალიჩეს. პრემიერობის დროს მას “ოცნების” რამდენიმე გავლენიანი სახე სერიოზულად მტრობდა.
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურაც განიხილებოდა, მაგრამ მერე გადაიფიქრეს. არ არის გამორიცხული, ღარიბაშვილზეც შეცვალონ გადაწყვეტილება.
ახლა მთელი “ოცნება” ივანიშვილისა და ზურაბიშვილის შეხვედრას ელოდება. მმართველი პარტიის დიდი ნაწილისთვის შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ბევრ მათგანს პოლიტიკასთან და დეპუტატის ცხოვრებასთან დამშვიდობება ვადაზე ადრე მოუწევს.

შორენა მარსაგიშვილი
გაზეთი “ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაშისტოკჰოლმში შვედეთის მთავრობა უნგრეთის წარმომადგენელს არ შეხვდა
შემდეგი სტატიააფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა კოდორის ხეობა „ეროვნულ პარკად“ გამოაცხადა