ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში შრომის გაკვეთილები დაბრუნდება, თუმცა ბოსტნების მოწყობის გეგმა ჯერჯერობით არ გვაქვს

ვაპირებთ შრომის გაკვეთილები პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ინსტრუმენტი გავხადოთ, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი სასწავლო წლიდან შრომის გაკვეთილები სკოლებში საპილოტე რეჟიმში დაბრუნდება, გრძელვადიან პერსპექტივაში კი მინისტრის სურვილია, რომ შრომის გაკვეთილები ყველა სკოლაში ჩატარდეს.

“სიტყვა შრომა” ერქმევა თუ არა, ჯერ ვერ ვიტყვით. თუმცა შინაარსობრივად ეს იქნება ხელობა, ხელით რაღაცების გაკეთება. ვაპირებთ, ეს საქმე პროფესიულ კოლეჯებს დავავალოთ. ვფიქრობ, ეს იქნება პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ასევე ვფიქრობ, რომ ეს ბავშვებისთვის სახალისო იქნება. რაც მთავარია, მრავალფეროვანი უნდა იყოს. ბავშვებს ძალიან ბევრი ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ. რეგიონებში ვაპირებთ შევთავაზოთ, მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმართულება, რომ განვავითაროთ ის უნარები, რომელიც გამოადგებათ. ასევე ვაპირებთ შრომის გაკვეთილები პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ინსტრუმენტი გავხადოთ. პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლები მივლენ კონკრეტულ სკოლებში, შეისწავლიან რისი საშუალება აქვს სკოლას, ზოგ სკოლას ვენახი აქვს, ზოგს ბაღი, ზოგს საამქრო. აქედან ამოვალთ საწყის ეტაპზე და თანდათან გავაფართოებთ პროცესს”, – განმარტა განათლების მინისტრმა.

ამასთან, ალექსანდრე ჯეჯელავამ ბოსტნების მოწყობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

“მებოსტნეობა ან მევენახეობა ცარიელი ადგილიდან თეორიულად ვერაფრით ვერ გაკეთდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია შევისწავლოთ სად, რომელ სკოლაში რა არის და იმ სკოლაში ხელი შევუწყოთ მიმართულების განვითარებას. ჯერჯერობით ბოსტნების მოწყობის გეგმა არ გვაქვს”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიმტკვარში 18 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო
შემდეგი სტატიადეპუტატ ხახუბიას შვილის დაღუპვის საქმეზე 3 პოლიციელს წარუდგინეს ბრალი