“ახალი საქართველო” და “გირჩი” მოუწოდებს ამომრჩეველს, ხმა არ მისცენ “ქართულ ოცნებას”

ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი და პარტია ახალი საქართველო ამომრჩევლებს მოუწოდებენ, მეორე ტურებში ხმა არ მისცენ ქართულ ოცნებას, პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ თუ ერთი პარტიის ხელში იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს ქვეყანას მძიმე შედეგებს მოუტანს.

“საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხეა ქვეყნისთვის და ქართული ოცნებისთვისაც. სამწუხაროდ, სხვა გამოსავალი არ არის, ამ შემთხვევაში მთავარია სახელმწიფო ინტერესებიდან გამოვიდეთ,”- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

გირჩი-ს ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ხმა არ მისცენ რომელიმე პარტიას. “მხარი დაუჭირეთ იმას, რომ ერთ პარტიას არ ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის საფრთხე. მე ვაკეში მეორე ტურში ამ ლოგიკით მხარს დავუჭერ ელენე ხოშტარიას,” – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

თავისუფალი დემოკრატები მოწოდებას არ უერთდებიან. პარტიის აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ჭიათურაში მათ კანდიდატს, რომელიც მეორე ტურში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

მოწოდებას არ იზიარებენ ლეიბორისტებიც. განცხადება დღეს კვლავ, ამ თემაზე გიორგი გუგავამ გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებას უკვე მოპოვებული აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და პარლამენტში შესვლა ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობის ტოლფასია.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების მეორე ტურის ჩატარების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის სასახლეში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა