კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი

ახალი სამი ინფიცირებულიდან ერთ-ერთი საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„საქართველოში 47 შემთხვევა დასტურდება. 3 ახალი ინფიცირებულიდან ერთი ჩვენი პაციენტია. ეს არის ესპანეთიდან შემოტანილი შემთხვევა, ის იყო თვითიზოლაციაში, მისი კონტაქტები ცნობილია. დანარჩენი ორის შესახებ მე არაფერი ვიცი. გუშინ გაგზავნილი 21 ტესტიდან ერთი დადებითი პასუხი მივიღეთ, დანარჩენი უარყოფითი აღმოჩნდა. პარალელურად იმ პაციენტებს, ვინც ჩვენთან დაახლოებით 15-16 დღე იმყოფება, პერიოდულად უტარდებათ ტესტირება და, სავარაუდოდ, ძალიან მალე მათთან ნეგატიური პასუხები იქნება.

„ახალი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე, ალბათ მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა. მათი ტესტირება მოხდა გუშინ და კვლევები ახლა დაიწყება, ჩატარდება დინამიურად, შესწავლის მიხედვით. დღევანდელი მონაცემებით პროგნოზის გარკვევა ჯერ შეუძლებელია. რამდენიმე დღის კვლევების შედეგების შეჯერებით შეიძლება, ვთქვათ მომავალში პროგნოზულად ეს პაციენტი მსუბუქია, საშუალო თუ მძიმე. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, მისი თქმით, თბილისის ინფექციურ კლინიკაში სამი პრობლემური პაციენტია, მეოთხესთან მდგომარეობა დასტაბილურდა.

„პრინციპში, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს სამი პრობლემური პაციენტი, ორი ასაკოვანი ერთი და მძიმე პნევმონიით. მათი მდგომარეობაც სტაბილურია და ვიმედოვნებთ, რომ დაავადების პროგრესირება არ იქნება, გართულებები არ იქნება და ასე გავალთ ბოლომდე. მეოთხე პაციენტი, რომელიც არის მძიმე პნემონიით, იქ უკვე სტაბილურია სიტუაცია და ვიმედოვნებთ, რომ ის უკვე ამოვიღეთ მძიმე პაციენტთან სიიდან. უკვე შეგვიძლია, განვიხილოთ როგორც საშუალო და მასზე მსუბუქი პაციენტი“, – განაცხადა ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაEurasianet-ის სტატია – კორონავირუსთან ერთად, საქართველოში ისეთი რამ მოხდა, რაც ქვეყანას წლების განმავლობაში არ ჰქონია – ნდობა მთავრობის მიმართ