,,ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის წარდგენას”

„პირველი საკითხი ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის წარდგენა. როგორც მოგეხსენებათ, ახალი რეგლამენტი ითვალისწინებს ასეთი ანგარიშის და სამოქმედო გეგმის წარდგენას და პირველი პრეცენდენტი გვექნება ჩვენ ხვალ. სხდომის გახსნისა და განცხადებების შემდეგ გვექნება სწორედ ეს საკითხი შეტანილი დღის წესრიგში“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია, რეგლამენტით დადგენილი წესით, ხვალ, თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება და ბიურომ, სწორედ პირველი სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, დღის წესრიგით მეორე განსახილველი საკითხია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევა. საპარლამენტო უმრავლესობას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა ჰყავს წარდგენილი.

მისივე თქმით, ხუთშაბათის სხდომაზე პარლამენტი მოუსმენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს, რომელიც წარადგენს სამინისტროს ერთიან ანგარიშს, დეპუტატებს გააცნობს სამინისტროს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს და პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხებს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატის – მინისტრის საათის ფარგლებში, პარასკევის სხდომაზე გაიმართება საქართველოს მთავრობის წევრის, ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის გამოსვლა.

პლენარული სხდომების დღის წესრიგში 13 განსახილველი საკითხია, მათ შორის:

· კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (I მოსმენა). კანონის პროექტის თანახმად, ფართოვდება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების ჩამონათვალი, რომელიც მოცემულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და ითვალისწინებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას. ამ მუხლების ჩამონათვალს ემატება სამოხელეო დანაშაულის მთლიანი თავი;

· კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (I მოსმენა). პროექტი ითვალისწინებს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების, პრეკურსორების, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ჩამონათვალში ახალი ნივთიერებების დამატებას;

· კანონპროექტი „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“( I მოსმენა). კანონპროექტის თანახმად, ბიზნესომბუდსმენს ენიჭება უფლებამოსილება ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტი გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. კანონის პროექტით აგრეთვე, ფართოვდება ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება „სასამართლო მეგობრის“ ფუნქციის შესრულების ნაწილში. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად, ბიზნესომბუდსმენს ექნება საერთო სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო, რომლებიც ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას: საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, შრომის კოდექსში და სხვა საკანონმდებლო აქტებში. ბიურომ აღნიშნული კანონპროექტების განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და თითოეულ მათგანზე წამყვანი კომიტეტები განსაზღვრა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, ოთარ კახიძის კითხვაზე, იგეგმება თუ არა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატის ცვლილება, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე დაზუსტდება, თუ როგორ ფორმატში გააგრძელებს სამუშაო ჯგუფი მუშაობას.

„რაც შეეხება ფორმატს, ჩვენ შევთანხმდით, რომ კონსულტაციები გვექნება ფორმატის ცვლილებასთან, შემადგენლობის ცვლილებასთან დაკავშირებით. ეს კონსულტაციები გრძელდება. ამ დღეებში კიდევ მექნება შეხვედრები საერთაშორისო პარტნიორებთან, ფორმატის სხვა მონაწილეებთან და კვირის ბოლომდე დავაზუსტებ, თუ როგორ ვაგრძელებთ მუშაობას“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ოთარ კახიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა. ოთარ კახიძემ, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საკითხის ირგვლივ მთავარი პროკურორის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოწვევა მოითხოვა.

ოთარ კახიძემ, ბიუროს სხდომაზე ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა: „გამოვუცხადოთ ჩვენი მხარდაჭერა სპორტსმენს, რომელიც საუბრობს მის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაზე“.

ფარული ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამ ფაქტის უკან აშკარად იყო პოლიტიკური ინტერესი.

„რაც შეეხება ფარულ ჩანაწერს, გეთანხმებით, რომ არ არის საკმარისი მხოლოდ გამავრცელებლების დაკავება. მთავარია, რომ ამ ფარული ჩანაწერის გავრცელების უკან აშკარად იყო პოლიტიკური ინტერესი და როდესაც არის პოლიტიკური ინტერესი, დამკვეთიც სავარაუდოდ, უნდა იყოს პოლიტიკური სტატუსის მქონე. შესაბამისად, მთავარი ამოცანა არის სწორედ დამკვეთის, წყაროს გამოვლენა. მე მაქვს პირდაპირი გაგებით ყოველდღიური კავშირი შინაგან საქმეთა მინისტრთან და სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან. დიდი იმედი მაქვს, რომ საქმე იქნება ბოლომდე გამოძიებული, ბოლომდე მიყვანილი და შეგვიძლია სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატიც გამოვიყენოთ იმისათვის, რომ უფრო მეტად ჩავიხედოთ ამ საკითხში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ზურაბ დათუნაშვილთან დაკავშირებით მომხდარი ფაქტის შესახებ კი, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა: „იყო ძალიან მძიმე და ძალიან სამწუხარო ინციდენტი და გეთანხმებით, რომ იქაც პარლამენტმა თავის როლი უნდა გამოკვეთოს“.

უმცირესობის წევრის, ოთარ კახიძის მიერ ზურაბ დათუნაშვილთან დაკავშირებულ განცხადებას პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი გამოეხმაურა.

„ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ, თუმცა ჩვენ აქ სამართლებრივ მხარეს მივყვებით. სოლიდარობას ვუცხადებთ, რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონს. მე მექნება შესაძლებლობა, რომ მას შევხვდე და დავაახლოვო ეს პროცესი იმასთან, რომ ის აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს პროფესიულ საქმიანობას, რათა აუცილებლად იჭიდაოს საქართველოს სახელით. აქ არის მცდელობები სხვადასხვა ჯგუფების მიერ სპეკულირების, რაც არასასიამოვნოა. იყო მყისიერი რეაქცია შს სამინისტროს მხრიდან, პრეზიდენტი (ჭიდაობის ფედერაციის) მიცემული იყო პასუხისგებაში, თუმცა ჩვენ ამ თემას ცოტა სიღრმისეულად უნდა შევხედოთ. თქვენი ხელისუფლების დროს, ფედერაციების პრეზიდენტები პირდაპირ ინიშნებოდნენ და ვერტიკალი იყო ერთპიროვნულ მმართველობაზე. პირდაპირ პრეზიდენტი მართავდა ამ ფედერაციებს თავის ხელქვეითებით. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ფედერაციები არიან დამოუკიდებელი ორგანიზაციები, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ახლა განვიხილავთ მმართველობის თემას, სადაც არის ხარვეზები და ამ მიმართულებით აუცილებლად გამკაცრდება სიტუაცია. პარლამენტი გამოვიყენებთ ჩვენ ფუნქციას და შესაბამის სამინისტროს მოვთხოვთ რეაგირებას. და ასევე კარგი მმართველობის პრინციპზე დაწყებულია კვლევა და სიტუაცია აუცილებლად იქნება გამოსწორებული“, – მიმართა ყაველაშვილმა ოთარ კახიძეს.

ბიურომ დღევანდელ სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებიც განიხილა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, IX მოწვევის საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება ხვალ, 5 თებერვალს, 12:00 საათზე.

banner
წინა სტატიაში“ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებისთვის უფასო საგანმანათლებლო პროექტს აგრძელებს
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაია საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო