ახალი პოლიტიკური ცენტრი – ,,გირჩი” ეკონომიკური პროგრამას აქვეყნებს

ახალი პოლიტიკური ცენტრი – ,,გირჩი” ეკონომიკური პროგრამას აქვეყნებს. ,,თაიმერი” პროგრამას უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება რომ ჰქონდეს დაბალი ეკონომიკური ზრდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენმა ეკონომიკამ დაკარგა ბევრი წელი და ათობით მილიარდი, მაშინ როცა სხვა ქვეყნები ვითარდებოდნენ.
საქართველოს აქვს ერთადერთი არჩევანი – გადავდგათ თამამი ნაბიჯები და სწრაფად წავიდეთ წინ.
საქართველოს ეკონომიკას დღეს სჭირდება:
1. დაბალი გადასახადები
2. მთავრობის შეკვეცა და უფლებამოსილებების შეზღუდვა
3. დახმარებების ზრდა – თანადგომა გაჭირვებულ ოჯახებს
4. საქართველოს სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილება ქვეყნის ყველა მოქალაქეზე
ეს არის ჩვენი პროგრამის მთავარი არსი. ძალიან მოკლედ თითოეულ საკითხზე:
1. გადასახადების შემცირება
მეტი ფული დასახარჯად მოქალაქეებს, ნაკლები ფული მთავრობას გასაფლანგად!
• უნდა გაუქმდეს მოგების გადასახადი
• უნდა გაუქმდეს საშემოსავლო გადასახადი
• უნდა გაუქმდეს ქონების გადასახადი
• უნდა გაუქმდეს იმპორტზე გადასახადი
• დაშვებული უნდა იქნას თავისუფალი სავალუტო რეჟიმი
ბიუჯეტი შემცირდება 7,931,411,683 ლარამდე, რაც სავსებით საკმარისია მთავრობის ფუნქციონირებისთვის.
საქართველო უნდა იქცეს საუკეთესო ადგილად ბიზნესის საკეთებლად მსოფლიოში!
2. მთავრობის შეკვეცა და უფლებამოსილებების შეზღუდვა
გაბერილი სახელმწიფო ბიუროკრატია, რომელიც გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის, უნდა შემცირდეს და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლიტიკური პარტიების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილისთვის ჩვენი შვილების მომავალი კეთილდღეობის შეწირვა!
• უნდა აიკრძალოს ახალი სახელმწიფო ვალის აღება
• უნდა აიკრძალოს დეფიციტური ბიუჯეტის მიღება
• უნდა აიკრძალოს ქონების 1 ლარად გაჩუქება
• მთავრობის ხარჯები, მათ შორის სახელფასო ხარჯი, არ შეიძლება გაიზარდოს ეკონომიკის ზრდის ტემპის ნახევარზე მეტად
საქართველოს მთავრობის შენახვა ხალხს და ბიზნესს არ უნდა უჯდებოდეს ძვირი!
3. სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილება ყველა მოქალაქეზე
დაუშვებელია ღარიბ ქვეყანაში სახელმწიფო ფლობდეს უამრავ ქონებას, რომელიც არ ხმარდება მოქალქეების კეთილდღეობას!
• მიწები, რომელთაც ჰყავს ტრადიციული მესაკუთრე უნდა დაურეგისტრირდეს მფლობელებს
• უნდა მოხდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაცია
• პრივატიზაციიდან მიღებული თანხები პროპორციულად უნდა გადანაწილდეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე
• მიწის მესაკუთრე ამავდროულად უნდა გახდეს ამ მიწაში არსებული ნებისმიერი რესურსის მესაკუთრე (ე.წ. ანგლო-საქსური მოდელი)
ყველა რესურსი რომელიც არსებობს ქვეყანაში უნდა იყოს კერძო მფლობელობაში და შესაბამისად ჩართული უნდა იყოს ეკონომიკურ აქტივობაში!
4. დახმარებების ზრდა – თანადგომა გაჭირვებული ოჯახებისთვის
შეძლებული მოქალაქეები უნდა ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს და არა პირიქით!
• უნდა დავეხმაროთ ოჯახს და არა ინდივიდს

• უნდა დავეხმაროთ გაჭირვებულებს და არა ყველას
• უნდა დავეხმაროთ ფულით და არა სახელმწიფო სერვისებით (ფინური მოდელი)
დღეს სოციალურ დახმარებებზე იხარჯება დაახლოებით 4,500,000,000 ლარი, მაგრამ მაინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს 432,622 მოქალაქე . იმიტომ რომ ეს დახმარება ყველაზე ნაწილდება ერთნაირად, მდიდარზეც და ღარიბზეც. აუცილებელია, ამ სისტემის შეცვლა და თანხების გაჭირვებული მოსახლებისაკენ მიმართვა.
შეძლებული ოჯახი მიიღებს სარგებელს იმით რომ მათი შრომა და შემოსავალი არ დაიბეგრება.
საშუალო ფენა მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან იმისთვის რომ არ ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემების შიში.
ღარიბი ოჯახები მიიღებენ ყველაზე მეტ დახმარებას.
ჩვენი გეგმით – ყველა ოჯახი მიიღებს სარგებელს!
გირჩი გეგმავს დეტალური პროგრამის გაცნობას ყველა დაინტერესებული პირისთვის. გვექნება შეხვედრები ახალგაზრდებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე მთავრობასთან ან ნებისმიერ პარტიასთან რომელსაც ასეთი სურვილი ექნება. ჩვენი პროგრამის გარშემო ვაპირებთ საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებას.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: ვალდებულები ვართ ყველაფერი ვცადოთ
შემდეგი სტატიაზურაბ მელიქიშვილი: რაში იყრება ამდენი თანხა?!