ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღების აქციით ამ დრომდე 100 000-მდე ადამიანმა ისარგებლა

ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღების მიზნით გამოცხადებული მორიგი აქციით ამ დრომდე 100 000-მდე ადამიანმა ისარგებლა. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, საარჩევნო სიის დახვეწის პროექტის ფარგლებში, აქცია 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გლდანის საზოგადოებრივ ცენტრში 1 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ აქციის მიმდინარეობა შეაფასა და მოქალაქეებს აქციით სარგებლობის პირობები გააცნო.

პირადობის მოწმობის აღება უფასოდ შეუძლიათ მოქალაქეებს, რომელთაც:

1. არ გააჩნიათ არცერთი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, პასპორტი);

2. რომელთა რეგისტრაციის მისამართი ფიზიკურად აღარ არსებობს (არასრული/არარსებული ან ლიკვიდირებული მისამართი);

3. მონაცემთა ბაზაში უსურათო/უხარისხო ჩანაწერის მქონე მოქალაქეებს;

4. რეგისტრაციიდან მოხსნილ საქართველოს მოქალაქეებს;

5. მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირებს, თუ ისინი რეგისტრაციას გაივლიან იდენტიფიცირებად მისამართზე.

აქცია შეეხება სრულწლოვან მოქალაქეებს და იმ პირებს, რომელთაც აქციის დასრულებამდე უსრულდებათ 18 წელი.

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები თავისუფლდებიან როგორც საბუთის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან.

პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ ან შეღავათიან ფასად (საფასურის 50%) გაცემის მიზნით ამ დრომდე არაერთი აქცია განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც უკვე 1 000 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღო.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 000 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას, რომელიც ეროვნული, ევროპული და უსაფრთხო სახელმწიფო დოკუმენტია.

2017 წლის 10 აპრილიდან 29 აპრილამდე გამართული აქციით 28 906-მა ადამიანმა ისარგებლა. გარდა ამისა, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის გამოცხადებული აქციის ფარგლებში 147 116-მა უსაბუთო და 10 063-მა რეგისტრაციიდან მოხსნილმა პირმა უფასოდ მიიღო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

აქციის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ვებგვერდებზე (sda.gov.ge; psh.gov.ge); სკაიპის მისამართსა (sda.gov.ge) და ტელეფონის ნომრებზე: 2 405 405 და 240 10 10.

banner
წინა სტატიაშიე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დასკვნითი სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიაშვეიცარიაში ქართველი მოკლეს, ეჭვმიტანილი მისივე თანასოფლელია