ახალი პენიტენციური დაწესებულება მსჯავრდებულებს გათავისუფლებისთვის მოამზადებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მინისტრ კახა კახიშვილის ინიციატივით შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ის ინიციატივები გააცნო, რომლებიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში იგეგმება.

მინისტრის თქმით, საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით მიღებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომლის შესაბამისად დარეგულირდება, როგორც მსჯავრდებულთა დასაქმების, ასევე ონლაინ მაღაზიების საკითხი. ასევე, უახლოეს მომავალში ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომელიც მსჯავრდებულებს გათავისუფლებისთვის მოამზადებს.

„არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გავაცანით ის ინიციატივები, რომელთა წარდგენა საქართველს პარლამენტში მოხდება. ეს უკავშირდება პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმებს, ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილების გასაჩივრების, ასევე, უვადო პატიმრების პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხებს. მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრო სექტორმა იცოდეს სამინისტროში არსებული სიახლეები და მიმდინარე პროცესები. სამინისტროს საქმიანობის პულსზე რაც მეტად ედება ხელი არასამთავრობო სექტორს, უკეთესია. ერთობლივი თანამშრომლობით მეტად მივალთ ევროპულ სტანდარტებამდე”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

საკონსულტაციო საბჭოს წევრები სხვადასხვა დაწესებულებებში არსებული პირობებით დაინტერესდნენ. მათ მინისტრისგან მიიღეს დაპირება, რომ N3 და N 6 განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობებისა და სამედიცინო მომსახურების გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ მინისტრის ინიციატივით შეიქმნილი საბჭო ძალიან ეფექტურია იმ კუთხით, რომ დეტალურად განიხილავს იმ საკანონმდებლო წინადადებებს და საზოგადოებრივ ინიციატივებს, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემის შემდგომი რეფორმირების, დახვეწისა და გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

„მიუხედავად იმისა, რომ საკონსულტაციო საბჭოში განსხვავებული შეხედულებების ორგანიზაციები შედიან, სამინისტროში მიმდინარე რეფორმისადმი ყველა დადებითად ვართ განწყობილნი. მზად ვართ, რომ მოვამზადოთ სპეციალური რეკომენდაციები და განვახორციელოთ ამ ცვლილებებისა თუ ინიციატივების საკანონმდებლო ლობირება.

სამოქალაქო სექტორისა და სამინისტროს კოორდინირებული თანამშრომლობა შედეგად მოიტანას ეფექტურ მართლმსაჯულებას. ის პრობლემური საკითხები, რომელიც ცალკეული მიმართულებებით შეიძლება არსებობდეს, კოორდინირებული საქმიანობით აღმოიფხვრება.

ამ მიმართულებით საბჭო ქმედითია. მინისტრი სამოქალაქო სექტორს უსმენს,“ – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

კახა კახიშვილმა გამოთქვა მზაობა, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ყოველთვიურად შეხვდეს.

banner
წინა სტატიაშიგაზის გაჟონვის შედეგად, 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია3 საათიანი დაკითხვის შემდეგ გიორგი გაბედავამ პროკურატურა დატოვა