ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის პარალელურად, მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება

კონსტიტუციის თანახმად, ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება.

პრეზიდენტი ძველ მთავრობას, ახლის არჩევამდე, დროებით მოვალეობის შესრულებას დააკისრებს, რის შემდეგაც, პარლამენტში ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურები დაიწყება.

კონსტიტუციით, პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ხუთი დღის ვადაში პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარუდგენს, ხოლო პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან შვიდი დღის ვადაში პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წამოაყენებს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს, ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას წარუდგენს. პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, რაც 76 დეპუტატია.

რაც შეეხება პირველ სხდომაზე დამსწრე სტუმართა სიას, სხდომაზე შეიძლება მიწვეულ იყვნენ: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ქვეყნის სხვა რელიგიურ კონფესიათა უმაღლესი სასულიერო პირები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 2012 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილმა კრიტსის აუქციონზე ჰოლანდიელი მხატვრის ტილო 61 მილიონ დოლარად გაყიდა
შემდეგი სტატია“ტორბიორნ იაგლანდის ანგარიში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მნიშვნელოვანია, რადგან საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებული იყოს”