,,ახალი კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის ღირსება გამოცხადდა როგორც უზენაესი კონსტიტუციური ღირებულება”

„საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად, რომელიც გამორჩეული იქნება კონსტიტუციური სტაბილურობით-ამგვარი საქართველო სასურველი პარტნიორი სახელმწიფო იქნება არა მარტო პოლიტიკურად, არამედ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისითაც“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პროგრესული ალიანსის“ კონფერენციაზე- „შრომის პერსპექტივები ციფრულ ეპოქაში“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის შეფასებით, ღონისძიების საქართველოში გამართვა პარტიის განვლილი ეფექტური პოლიტიკური საქმიანობისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროგრესულ პოლიტიკურ ძალებთან მჭიდროდ თანამშრომლობის აღიარებაა.

„ეს კონფერენცია, მისი საქართველოში ჩატარება ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის, დამოუკიდებელი საქართველოს ადგილსა და მნიშვნელობას დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკურ ცხოვრებაში”,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ალიანსის გამგეობის წევრია, რაც საამაყო და საპასუხისმგებლო ფაქტია.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სიმბოლურია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღინიშნება.

„100 წლის წინ ჩვენი წინაპრების ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯით საქართველომ თავისუფლების გარდა, მოიპოვა დემოკრატიული რესპუბლიკის სტატუსი, რომელიც ეფუძნებოდა სოციალ-დემოკრატიულ შეხედულებებს.

მართალია, პირველმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამი წელი იარსება, მაგრამ მისმა იდეებმა და იდეალებმა გაუძლო საბჭოთა რეჟიმს და შემდეგ უკვე ფრთები შეისხა საქართველოს დამოუკიდებლობის ხელახალი მოპოვების შემდეგ.

დღეს კი საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად, რომელიც გამოირჩევა კონსტიტუციური სტაბილურობით. საქართველო იქნება სასურველი პარტნიორი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებისთვის, ქვეყნებისთვის არა მარტო პოლიტიკური, არამედ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისითაც”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ხედვების შესახებ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ უმთავრესი ღირებულებაა ადამიანი და ეს სათანადოდ არის ასახული პოლიტიკასა და კანონმდებლობაში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის ღირსება უზენაეს კონსტიტუციურ ღირებულებად გამოცხადდა.

„ახალი კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის ღირსება გამოცხადდა როგორც უზენაესი კონსტიტუციური ღირებულება. ეს ძირითადი ორიენტირი არის ასახული ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენს კანონმდებლობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, რეფორმები სწორედ ადამიანზე, ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებაზე იყო ორიენტირებული.

„ჩვენ შევძელით და მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ მთელი რიგი მიმართულებებით სოციალური მდგომარეობა ჩვენი მოსახლეობისათვის. მარტო ერთ ფაქტს გავუსვამ ხაზს: ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ამ წლების განმავლობაში ორჯერ და მეტად გაიზარდა, რაც, ბუნებრივია, აისახა ჩვენი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, თუმცა, გასაკეთებელი კიდევ ბევრი გვრჩება, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა არის ორიენტირებული იმაზე, რომ ადამიანების მდგომარეობა გაუმჯობესდეს ჩვენს ქვეყანაში.

კანონის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების უფრო მტკიცე დაცვა არის ჩვენი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი და რა თქმა უნდა, ეს მიღწევებიც ეფუძნება იმის გააზრებას, რომ ადამიანი არის ჩვენთვის უმთავრესი ღირებულება”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში თითოეული სოციალური ფენის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა როლზე გაამახვილა ყურადღება. სიტყვით გამოსვლისას, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ერთერთ უმთავრეს პრიორიტეტად განათლების რეფორმა დაასახელა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სოციალური ფენა იყოს აქტიურად ჩართული ჩვენს პოლიტიკურ- საზოგადოებრივ ცხოვრებაში. განსაკუთრებული ხაზი მინდა გავუსვა ქალების როლს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამ მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება და გადაიდგმება, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს ქალების წარმომადგენლობა როგორც პოლიტიკურ ცხოვრებაში ასევე ეკონომიკურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. უმჯობესდება სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის ხარისხი, რაც იგივე მიზანს ემსახურება. განათლების რეფორმა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, როგორც ეს პრემიერ მინისტრის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამაში არის აღნიშნული. ამ მიმართულებით არის დაგეგმილი ფუნდამენტური ცვლილებები, და რა თქმა უნდა ესეც მოემსახურება იმ მთავარი მიზნის განხორციელებას, რასაც ჰქვია ადამიანის, როგორც უზენაესი ღირებულების წარმოჩენა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული რეფორმები არ არის მარტივი. რეფორმების განხორციელებაში ერთერთი მთავარი წინაღობად პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია დაასახელა. მისი განცხადებით, ეს უნდა იყოს გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც.

„ამ რეფორმების გატარება ბუნებრივია, არ არის მარტივი. გვაქვს მთელი რიგი წინააღმდეგობები ამ რეფორმების გატარებაში და ერთ-ერთი მთავარი წინააღმდეგობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ.

პრემიერმა უკვე ისაუბრა იმ მდგომარეობის შესახებ, რომელიც არის შექმნილი ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როგორც აფხაზეთში ასევე, ყოფილ სამხრეთ ოსეთში, და ეს უნდა იყოს გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით და თანადგომით საბოლოოდ, ჩვენ შევძლებთ ამ ჩვენი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის უმთავრესი მიზანი ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფოს მშენებლობაა და უმთავრესი საგარეო პრიორიტეტებიც-ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციაც იმავე ღირებულებებზეა დაფუძნებული, რაზეც – საშინაო პოლიტიკა.

„ჩვენ ვართ ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფოს მშენებლობაზე, – ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი. ჩვენი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტიც – ევროკავშირში ინტეგრაცია და ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაცია არის დაფუძნებული იგივე ღირებულებებზე, რომელზეც არის აგებული ჩვენი საშინაო პოლიტიკა. ეს არის ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი, ეს არის ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი. საქართველოს მოსახლეობისთვის ჩვენი ხედვები კარგად არის ცნობილი და სწორედ ამ ფაქტორის წყალობით ჩვენ ვახერხებთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას მოსახლეობაში, და ამის დასტურია გასული არჩევნების შედეგები. ჩვენ მხარს გვიჭერს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, რაც მოწმობს ჩვენი კურსის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დადებით და პოზიტიურ დამოკიდებულებას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პარტია წლიდან წლამდე ვითარდება და აძლიერებს სტრუქტურებს მოსახლეობის სხვადასხვა ფენასთან კავშირების კიდევ უფრო გასაღრმავებლად. ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

„ქართული ოცნება“ არის ახალგაზრდა პარტია, თუმცა პარტია წლიდან წლამდე ვითარდება, პარტია აძლიერებს თავის სტრუქტურებს, ცდილობს რომ კიდევ უფრო გააღრმავოს საკუთარი კავშირები მოსახლეობის სხვადასხვა ფენასთან, დღეს, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ არის საქართველოში ყველაზე ძლიერი, სტრუქტურულად გამართული და პატივსაცემი პოლიტიკური ორგანიზაცია, რასაც გარკვეული წვლილი შეაქვს იმაშიც, რომ განვითარდეს ჩვენი გლობალური ფორუმის შესაძლებლობები. ჩვენ ვართ მზად საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის და „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ კვლავაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს პროგრესული ალიანსის საქმიანობაში”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და „პროგრესული ალიანსის“ კოორდინატორმა გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტიიდან, კონსტანტინ ვოინოვმა. ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი იღებენ.

„პროგრესული ალიანსის“ (PA) საერთაშორისო კონფერენცია პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ორგანიზებით იმართება.

banner
წინა სტატიაშიბახტაძე მერკელთან სადღეგრძელოებით საუბრობს, ბაქრაძე კი, ევროპარლამენტში ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმების საკითხითაა დაკავებული
შემდეგი სტატიაასეთი საძაგელი ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია – ტელეკომპანია “იბერიას” მხარდასაჭერად იკრიბებიან