გადაწყვეტილება მიღებულია -“ახალი”, “დროა” და “გირჩი-მეტი თავისუფლება” ახალ პოლიტიკურ ალიანსს ქმნიან. განცხადება ლიდერებმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.
ნიკა გვარამიას თქმით, პარტიებს შორის მოლაპარაკებები “ხანგრძლივი და რთული” იყო, ახლა კი ისინი ერთიან წინასაარჩევნო კამპანიას დაიწყებენ.
ახლა ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი – აცხადებს გვარამია.
ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს ისტორიის და იმ უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს, იმ გადამწყვეტი მომენტისთვის, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს და აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს.
მისი თქმით, ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გახდეს ქართველი ხალხის და ქართველი ხალხი იყოს ჩართული პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესში.
მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ეს ადვილი პროცესი, რომ ჩვენ, პარტია ახალი, გირჩი/დროა ვქმნით ერთიან საარჩევნო სუბიექტს და ვიბრძოლებთ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, არა უბრალოდ ცვლილებას ცვლილებისთვის ვეძახით უკეთეს მომავალს, არამედ გვინდა, რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ გახდეს ქართველი ხალხის და ქართველი ხალხი იყოს ჩართული პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესში, მათ ჰქონდეთ თანასაკუთრების განცდა ამ პროცესში, ჰქონდეთ თანამონაწილეობის განცდა და მე ვფიქრობ ეს საარჩევნო სუბიექტი შესთავაზებს საზოგადოებას გულწრფელ არჩევანს”, – თქვა ნიკა მელიამ.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, გადამწყვეტ არჩევანზე „ქართული ოცნების” დასამარცხებლად სჭირდება სამი რამ: ამომრჩევლების მაქსიმალური მობილიზება, ხმების დაცვა და ოპოზიციურ ფლანგზე სწორი კონფიგურაცია.
26 ოქტომბერს ამ რეჟიმის შესვლა არის პრინციპული საკითხი, ისტორიული ამოცანა. ამის მიღწევისთვის გასაკეთებელია სამი რაღაც, ეს არის მაქსიმალური მობილიზაცია საქართველოს მოქალაქეების, მეორე- ხმების დაცვა და მესამე არის ისეთი კონფიგურაცია ოპოზიციურ ფლანგზე, რაც არ მისცემს რუსულ რეჟიმს საშუალებას, რომ კრიტიკულად განწყობილი ხმები წაიღოს თავის ყულაბაში”, – თქვა მან.
“დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ის იმ პასუხისმგებლობას გრძნობს, რომელიც პროდასავ,ურ ოპოზიციას გაააჩნია: “ჩვენ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ არჩევანი და ეს არჩევანი არის ერთობა” – თქვა საგანგებო ბრიფინგზე პოლიტიკოსმა.
“მომავალი არჩევნები არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ საზოგადოებამ, რომელმაც იბრძოლა და მიაღწია წარმატებას, საზოგადოებას შევთავაზოთ არჩევანი. მე მესმის, რომ შეიძლება ყველას სიმპათია ყოველთვის ვერ იყოს დაკმაყოფილებული, მე მესმის განსხვავებების, ჩხუბის, მესმის ემოციების, მაგრამ ყველაზე მეტად მესმის და ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ ოპოზიციამ, ჩვენ საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ არჩევანი და ეს არჩევანი არის ერთობა”, – დასძინა ელენე ხოშტარიამ.