ახალი არჩევნები არის ერთადერთი, რაც ჩვენს ქვეყანას ამ ისტორიულ მონაკვეთში გადაარჩენს, ამის მიღწევას სჭირდება დიდი რაოდენობის აქტიური მოქალაქეები, არა ერთი და ორი აქცია – ბოკერია

საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს ყველას, ვინც დააპირებს ხვალ ან ზეგ ისევ საუბარს, რომ ამ რეჟიმთან ერთად შესაძლებელია არსებითი ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ პარლამენტში მთავრობის მიერ ანგარიშის წარდგენისას გამოჩნდა, რომ „არათუ რამის შეცვლას აპირებენ, რომ მომავალი გადაარჩინონ, არამედ ეს მათთვის ხელსაყრელი ვითარებაა“.

როგორც გიგა ბოკერია ამბობს, არჩევნები არის ერთადერთი, რაც საქართველოს ამ ისტორიულ მონაკვეთში გადაარჩენს. ბოკერიამ მოქალაქეებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ განსაკუთრებით ამაზრზენი ფორმით წარმოდგა ჩვენ წინაშე ივანიშვილის რეჟიმი. ის, რაც საზოგადოებამ ნახა საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში, იყო არა მარტო ამ რეჟიმის სახე, არამედ განაცხადი, რომ დღევანდელ ვითარებას, ჩვენს საფრთხეს – ხელიდან გავუშვათ თავისუფალ სამყაროში დაბრუნების ისტორიული შანსი, ეს რეჟიმი, ივანიშვილი და მისი მთავრობა, ამაზრზენი და სამარცხვინო პოლიტიკური არარაობა ღარიბაშვილი განიხილავენ, როგორც საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების შესაძლებლობას.

პირდაპირ გვითხრეს, არათუ რამის შეცვლას აპირებენ, რომ მომავალი გადაარჩინონ, რომელსაც თავადვე შეუქმნეს საფრთხე გარე მტერთან ერთად – არა, ეს არის ვითარებაა, რაც მათთვის ხელსაყრელია. მათ უნდათ, საზოგადოებას ოპონენტების უძალობა აჩვენონ, რადგან გასულია ზღვრიდან, თუნდაც მწვავე დისკუსიის რომელიმე ინსტიტუტის ფარგლებში. ხაზს ვუსვამ, არ ვსაუბრობ პარლამენტიდან გასვლის საკითხზე, ეს ჩავლილი მატარებელია. ვგულისხმობ დამოკიდებულებაზე, რომელიც საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ამ რეჟიმის მიმართ. გუშინდელ ფონზე, ერთადერთი რისკენაც მოვუწოდებთ ჩვენ, „ევროპული საქართველო“ და მე, როგორც მოქალაქე, არის ის, რომ გავერთიანდეთ ერთადერთ ამოცანაში – ამ რეჟიმის, როგორც პოლიტიკური კეთროვანების გარიყვაში ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებიდან. რეჟიმის, ივანიშვილის წასვლა და ახალი არჩევნები არის ერთადერთი, რაც ჩვენს ქვეყანას ამ ისტორიულ მონაკვეთში გადაარჩენს. სწორედ ამისკენ შემოერთებაში უნდა მოვუწოდოთ მოქალაქეებს. ამის მიღწევას სჭირდება აქტიური მოქალაქეების დიდი რაოდენობა, არა ერთი და ორი აქცია, არამედ კარგა ხანი მზაობა რეჟიმის მშვიდობიანი პროტესტით რყევისთვის. ერთადერთი ვითარება, როდესაც ამ რეჟიმთან და ივანიშვილთან საჭირო იქნება კომუნიკაცია, ესაა, როდესაც ვითარება გადატეხილი იქნება და ისინი იქნებიან ზღვარზე, შეგუებული, რომ ძალაუფლება უნდა დათმონ. მხოლოდ ასე შეიძლება საუბარი, რათა ისე წავიდეს ეს კაცი და მისი გარემოცვა, რომ ქვეყანა კიდევ უფრო არ დააზიანოს. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა, ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული.

დეოლიგარქიზაცია არ არსებობს ივანიშვილის რეჟიმის ჩამოცილების გარეშე. ყველა ილუზია იმ ადამიანების, ვინც საზოგადოებას ეუბნება, რომ შესაძლებელია, რაღაც ტრანსფორმაცია, საკუთარი თავის ან საზოგადოების მოტყუებაა. ამიტომ შემოუერთდით იმ გზავნილს, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება – ამ რეჟიმის და ივანიშვილის ჩამოცილებას, ახალ არჩევნებს და ახალ, ლიბერალურ დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, ღირსებაზე, ჩვენი ევროპული იდენტობის დაბრუნებაზე ორიენტირებული ხელისუფლების შექმნას.

საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს ყველას, ვინც ხვალ ან ზეგ ისევ დააპირებს საუბარს, რომ ამ რეჟიმთან ერთად შესაძლებელია არსებითი ნაბიჯების გადადგმა. ესაა იმ ტიპის გზავნილი, რაც ასეთ უტიფარ რეჟიმებს მხოლოდ აძლიერებს. გუშინ ღარიბაშვილის ამოცანა იყო ერთადერთი, ეჩვენებინა, რომ ოპონენტები, აქედან გამომდინარე, საზოგადოება არის უძალო. მას შეუძლია, გვითხრას, რომ ფეხებზე ჰკიდია და ეს გაუვა. მოვისმინე კითხვები ქუჩაში, როგორ იტანდით გუშინ ამასო, მიუხედავად იმისა, რომ შეგნებულად არ ვართ ამ პროცესის ნაწილი. ამას საზოგადოებამ მკაფიო პასუხი უნდა გასცეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიTbilisi Open Air იწყება!
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების კვირეულის გახსნაზე: ჩვენ, პატარა ქვეყანამ და ძალიან ძლიერმა ხალხმა ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ მსოფლიო თანამეგობრობისთვის. სხვა დიდ ერებთან შედარებით, გამორჩეული კონტრიბუცია გვქონდა ყველგან. საქართველო იმსახურებდა მეტს