ახალგორის რაიონის სოფელ მიდელაანში კგბ-მ ჩხრეკა ჩაატარა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, 2021 წლის 8 ოქტომბერს ახალგორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლის მიდელაანის მკვიდრი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, 48 საათით დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკა ე.წ. სამხრეთ ოსეთის კგბ-მ ჩაატარა, თითქოსდა იარაღისა და ნარკოტიკის ამოღების მიზნით.
დაკავებული პირი მარტო ცხოვრობს, სოფელში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და მესაქონლეობას ეწევა. მისი ოჯახი ამჟამად თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სოფელში მისი დაკავების შესახებ შემთხვევით, იმით შეიტყვეს, რომ დაკავებულის საქონელი ორი დღე უპატრონოდ იყო.
სოფელ მიდელაანში 20-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფელთან ახლოს რუსული სამხედრო ბაზაა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ადგილობრივის სახლში ჩხრეკა და დროებითი დაკავება, რუსული რეპრესიული პოლიტიკის გააქტიურებაზე მიუთითებს, რისი საბოლოო მიზანიც, დაშინების გზით ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფლების დაცლაა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებას და მორჩილებას დაკავებებით და უკანონო ქმედებებით ცდილობს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სათანადო ყურადღება გამოიჩინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის მიმართ და გააქტიუროს ძალისხმევა, ახალგორში დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების შელახვის და დაშინების პოლიტიკის შესაჩერებლად.

banner
წინა სტატიაშინონიაშვილი – ახლა ჩვენი მთავარი დღის წესრიგი არის ის, რომ მოვუწოდოთ ადამიანებს, მივიდნენ მეორე ტურზე
შემდეგი სტატიარაქვიაშვილი – ადამიანი როდესაც შიმშილობას აცხადებს, ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი თვითონაა