ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობა ზესტაფონში- ერთ-ერთი დაკავებული პოლიციელია

პროკურატურა ზესტაფონში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარზე ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელია დაკავებული.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ზესტაფონში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი ლ.ზ. დააკავეს.

ასევე, აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებისთვის (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები) რ.ბ., ხოლო ნივთიერი მტკიცებულებების განადგურებისთვის (368-ე მუხლი) ხ.გ. დააკავეს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივნისს, ზესტაფონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სუფრაზე, სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც რ.ბ.-მ, ლ.ზ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან ვ.ბ.-ს ესროლა. გულმკერდის არეში მიღებული ჭრილობის შედეგად, ვ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ მომხდარი დანაშაულის შემდგომ, ხ.გ.-მ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გაანადგურა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გმომძიებელ ლ.ზ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება”,-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმაისში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 42.4 პროცენტით გაიზარდა
შემდეგი სტატიარესპუბლიკური: “ასტრაზენეკას” მაცივრებში პატარა ტემპერატურული გადახრა დაფიქსირდა