„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“: ძალადობა გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. საია-ს შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს მნიშვნელოვანი ხარვეზები დაფიქსირდა კენჭისყრის დღის ყველა ეტაპზე.

როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა, დღის განმავლობაში დაძაბული ატმოსფერო გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე თავად პროცესის მონიტორინგზე.

„ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით დაფიქსირებული პრობლემები გუშინდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ამას ემატება საუბნო-საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, მათ შორის, პანდემიის შესაკავებლად გამოცემული წესების აღსრულების მიმართულებით. კენჭისყრის დღეს გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენციები, რომლებიც უკავშირდებოდა ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლს, ფარულობის პრინციპის დარღვევას; მარკირების და ხმის მიცემის წესების დარღვევას, გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებულ დარღვევებს; არაუფლებამოსილი პირების გადაადგილებას უბნის ტერიტორიაზე; საია-ს ცალკეულ უბნებზე შეეზღუდა დაკვირვების შესაძლებლობა. დაფიქსირდა ჩვენი დამკვირვებლების მიმართ აგრესიისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები. რიგ შემთხვევებში, დამკვირვებლებს არ აძლევდნენ ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის ჩაწერის და საჩივრის დარეგისტრირების შესაძლებლობას საარჩევნო უბანზე. ორ დამკვირვებელს დაატოვებინეს უბანი.

საია-ს დამკვირვებელი გაერთიანებულ ოპოზიციისა და მასთან აფილირებული ორგანიზაციების ზეწოლის ობიექტი გახდა. დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით შეიმჩნეოდა უბნებში და გარე პერიმეტრზე დაძაბული გარემო, რაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ფიზიკურ დაპირისპირებასა და ძალადობაშიც გადაიზარდა.

დაფიქსირდა ჟურნალისტების მიმართ ძალადობის და მათი საქმიანობის ხელშეშლის შემთხვევები, რომელიც საიამ უარყოფითად შეაფასა, ხოლო შსს-ს დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდა. ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა ქარელისა და ხაშურის საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე (დამკვირვებლებმა აღრიცხეს თანხის გადაცემის შემთხვევები). ტენდენცია იყო საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, ეს განსაკუთრებით მკაფიოდ იგრძნობოდა ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი წესების შესრულებისას, რაც აფერხებდა როგორც კენჭისყრის პროცესს, ასევე იწვევდა პროცედურული დარღვევების ზრდას. დარღვევების ციკლი გაგრძელდა უბნის დახურვის შემდეგ პერიოდშიც. ყველაზე ცუდად ორგანიზებული და ჩატარებული არჩევნები იყო 2012 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს იმ დარღვევების ხარისხი, რაც ვნახეთ უბნებთან“, – განაცხადა სულხან სალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: „ქართულ ოცნებას“ მომავალ პარლამენტში მხოლოდ პირველი ტურის მონაცემებითაც კი შეუძლია უმრავლესობის შექმნა და გიორგი გახარიას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება
შემდეგი სტატიამალხაზ ჯალაღონია – ძალიან მეეჭვება, რომ მეორე ტურში შევძლებთ გამარჯვებას