ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ ძალადობაში დადანაშაულებულ მღვდელს მსახურების უფლება აღუდგინა.
“ფორმულას” ინფორმაციით, არქიმანდრიტი ნიკოლოზ გეწაძე, რომელსაც მსახურება განუსაზღვრელი ვადით ჰქონდა შეჩერებული, ქვაბიჯვარისა და მოხეში მსახურების უფლებით დააბრუნეს.
მიტროპოლიტი ჭუაძე ირწმუნება, რომ “არქიმანდრიტმა ყველაფერი მოინანია და მის დაბრუნებას მრევლი ითხოვდა”.
“შაბათის ფორმულამ” გაავრცელა ერთ-ერთი ქალის ინტერვიუ, რომელიც ნიკოლოზ გეწაძეს ამხელს.
“დაიწყო ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და მანიპულაცია, რომ ჯოჯოხეთში ჩამომყვებოდა და მანახებდა საკუთარ თავს ცოდვაში, ურთიერთობაში მომცემდა ყველაფერს, ოღონდ ვიღაც “შალიკოში” არ გამეცვალა. მითხრა, რომ დაეცემოდა ჩემს გვერდით და უნდა მქონოდა საკმარისი ერთგულება, რომ აღსარების საიდუმლო არ გამეთქვა. მერე მითხრა, ფეხზე ავმდგარიყავი, ჩამეხუტა, ნიკაპი ხელით დამიჭირა და ტუჩებში მაკოცა. ხელები უკანალზე მომკიდა და უკან დავიხიე, გაკვირვებულმა მკითხა, საპასუხოდ რატომ არ ვკოცნიდი. არ ვიცოდი რა მეთქვა, ამ ყველაფერს ღმერთის სახელით აკეთებს”,–ამბობს ქალი.
ინფორმაცია, რომ ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, ახალგაზრდა ქალები სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, 1 წლის წინ, გამოცემა “სამხრეთის კარიბჭემ” გაავრცელა. ამის შემდეგ, საპატრიარქოს ზნეობის კომისიამ გეწაძეს მღვდელმოქმედება შეუჩერა.

















