ახალციხის კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელი – მეგი ბაქრაძეს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია

რა გახდა 27 წლის ექთნის გარდაცვალების რეალური მიზეზი. ვიდრე ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნა გახდება ცნობილი, ოჯახი წინასწარ აცხადებს, რომ სიმართლის დასადგენად ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩაატარებს. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით ექთნის გარდაცვალების მიზეზი ანაფილაქსიური შოკი გახდა, რომელიც ვაქცინის გაკეთებიდან დაახლოებით ნახევარ საათში განვითარდა. ცხედარი თბილისიდან უკვე გადაასვენეს ახალციხეში.

ექიმის განცხადებით, მეგი ბაქრაძეს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია. პირველ რიგში მას გაუკეთესეს ადრენალინი, თუმცა მისი მდგომარეობა მალევე დამძიმდა და საჭირო გახდა მისი გადაყვანა ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე. როგორც კლინიკაში იუწყებიან, კლინიკა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა და სამედიცინო მედიკამენტით და მსგავსი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტების სამართავად.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კლინიკაში ვაქცინაციის პროცესი რამდენიმე დღით გადაიდო და ამ დროისთვის აცრის გაკეთების მხოლოდ 4 მსურველია.

„ვაქცინაციიდან 25 წუთის შემდეგ მან იგრძნო კანისწვა, ქავილი გულ-მკერდისა და ყელის მიდამოში, სადაც მას გამოეხატა კანის ჰიპერემია, რაც შეფასდა ალერგიულ რეაქციად და გაკეთდა კუნთში ადრენალინი 0,5 მილიგრამის ოდენობით, სადღაც 3-5 წუთში მან თავი უკეთ იგრძნო, თითქოს ჰიპერემიაც და ქავილიც მოეხსნა, თუმცა წამებში მან გონება დაკარგა, რასაც მოჰყვა მერე სხვა სიმპტომური ინტენსიური მკურნალობა, მაგრამ ამას მალევე გულის გაჩერება დაერთო“, – განაცხადა ახალციხის „იმედის“ კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიდღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთს შეხვდება
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარი – მოვუწოდებ ყველა მხარეს, მოიქეცით ზრდასრული ადამიანებივით