საქართველოს მთავრობამ 2026–2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც ახალბედა მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დანერგვას ითვალისწინებს.
სტრატეგიის თანახმად, დამწყები მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე უფრო მკაცრი სამართლებრივი რეაგირება იგეგმება. კერძოდ, გაიზარდება ფინანსური სანქციები და მართვის მოწმობას ქულები უფრო მეტი რაოდენობით ჩამოაკლდება.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს მიდგომა ხელს შეუწყობს ახალბედა მძღოლებში მაღალი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებასა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციას.
2024 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 18%-ზე მეტი 4 წლამდე გამოცდილების მქონე მძღოლების ბრალეულობით ხდება.
„ახალბედა მძღოლები საგზაო მოძრაობის მომეტებულ რისკს წარმოადგენენ. მათ აკლიათ პრაქტიკული გამოცდილება, რის გამოც უჭირთ საფრთხის წინასწარ განსაზღვრა და რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. ამასთან, არასაკმარისი გამოცდილება მართვის ტექნიკასთან დაკავშირებულ სირთულეებს გულისხმობს, რაც შეცდომების დაშვების ალბათობას ზრდის.
დამატებით, ახალგაზრდულ ასაკთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ფაქტორები — რისკისადმი მეტი ტოლერანტობა, სიჩქარისადმი მიდრეკილება და თანატოლების ზეგავლენა — ზრდის ავარიების რისკს. შედეგად, გამოცდილების ნაკლებობა და ქცევითი თავისებურებები ახალბედა მძღოლებს მაღალრისკიან კატეგორიად აქცევს“, — ნათქვამია სტრატეგიაში.
მთავრობის დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირმა 2025 წელს მიიღო გადაწყვეტილება ახალბედა მძღოლებისთვის მინიმუმ ორწლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესების შესახებ, რომლის განმავლობაშიც სამართალდარღვევებზე მკაცრი სანქციები მოქმედებს.















