ახალ სტუდენტურ საცხოვრებელში რეგიონებიდან სოციალურად დაუცველი, წარჩინებული სტუდენტები იცხოვრებენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლისის ტბის ფერდობზე 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა. ახლადაშენებული კომპლექსი განათლების მინისტრმა დაათვალიერა. საერთო საცხოვრებელი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი წარჩინებული სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის, ილია დარჩიაშვილის განმარტებით, საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და 3 საცხოვრებელ კორპუს და ადმინისტრაციულ შენობას აერთიანებს. მისივე თქმით, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
“ესეთი საჩუქრის მიღება ჩვენი სამინისტროსთვის დიდი სიხარული და დიდი პატივია. სტუდენტების შერჩევის ორი ძირითადი კრიტერიუმით ვიხელმძღვანელებთ, ეს არის სტუდენტის სოციალური სტატუსი, ანუ სოციალური საჭიროება. ჩვენ გვინდა, რომ ვისაც ჭირდება ეს დახმარება იმ ხალხმა მიიღოს, რადგან ჯერ-ჯერობით არ ვართ განებივრებულები ასეთი კამპუსებით. ასევე გვინდა, რომ ერთ-ერთი კრიტერიუმი უკავშირდებოდეს აკადემიურ მოსწრებას, რომ ეს წახალისების ინსტრუმენტი იყოს და საუკეთესო სტუდენტებმა მიიღონ ფართი ამ საცხოვრებელში. მე ვაპირებ სტუდენტებთან ერთად განვიხილო თუ როგორი კრიტერიუმები იქნება სწორი ამ კამპუსის დასაკომპლექტებლად. ახლა ავეჯით და ტექნიკით აღჭურვაა საჭირო და აქვე გაჟღერდა იდეა, რომ ჩვენი პროფსიული კოლეჯის სტუდენტები, რომლებიც ამზადებენ ავეჯს ჩავრთოთ ამ პროცესში და მათი ძალისხმევით მოეწყოს ეს საცხოვრებელი. ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი მოვასწროთ ახალი სასწავლო წლის დასაწყისისათვის”,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
საცხოვრებელ კორპუსებში ასევე მოეწყობა კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა და სხვა. სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძე : პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევას სთხოვს
შემდეგი სტატიაჟურნალისტი დალი ჯონჯუა ხელისუფლებას არასახელმწიფოებრივ მიდგომაში ამხელს