აკაკი ზოიძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით, უკრაინას განმეორებით უნდა მიმართოს

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ. დეპუტატ აკაკი ზოიძის შეფასებით, საქართველოს პროკურატურამ ექსტრადირების მოთხოვნით განმეორებით უნდა მიმართოს უკრაინას. მისი თქმით, მას არ გაკვირვებია ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილება, რომლითაც მან ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მოქალაქეობა აღუდგინა.

„მე პირადად არ გამკვირვებია და არ მგონია, რომ ვინმეს უნდა გაკვირვებოდა იმიტომ, რომ ამბობდა ბატონი ზელენსკი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რომ ამას აპირებდა. შესაბამისად, ეს მისი გადაწყვეტილებაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან კეთილ ურთიერთობებზე. თვითონ მასაც შეიძლება წინამორბედის გაკვეთილი შეიძლება მაინც უნდა გაეთვალისწინებინა. ჩვენი პროკურატურა, ალბათ, კიდევ ერთხელ მიმართავს უკრაინას. წესით, უნდა მიმართოს. ძებნა რატომ, თუ არის ექსტრადიციაზე მოთხოვნა, მე მგონი ჯერ კიდევ ძალაშია,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა თუ აღდგენა უკრაინის უფლებაა.

„ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა. სუვერენული უფლებები აქვს, მათ შორის ის უფლებაც, რომ მიანიჭოს მოქალაქეობა, ვისაც საჭიროდ ჩათვლის,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ახალი პოლიტიკური გეგმებით უკრაინაში ბრუნდება. ინაუგურაციის შემდეგ ვლადიმერ ზელენსკიმ ერთ-ერთი პირველი განკარგულებით პოროშენკოს ხელმოწერილი დოკუმენტი გააუქმა, რის საფუძველზეც ოდესის ყოფილ გუბერნატორს მოქალაქეობა აღუდგა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ხუნდაძე : ვლადიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ვერ მოვიწონებდი იმ წარსულის გამო, რაც სააკაშვილმა უკრაინას დამართა
შემდეგი სტატიასააკაშვილის ჩართვა გარკვეულ საქმიანობაში უკრაინისთვის იქნება დამაზიანებელი – გია ვოლსკი