აკაკი ზოიძე კლინიკების ნაწილს საამქროებს უწოდებს

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე კლინიკების ნაწილს საამქროებს უწოდებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში „პაციენტების ინტერესების საზიანოდ სახელმწიფოდან ფულის გადამუშავებას“ ემსახურებიან. შესაბამისი განცხადება აკაკი ზოიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებს ხვდება, სადაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დაგეგმილ ცვლილებებზეა საუბარი. აკაკი ზოიძის განცხადებით, დაგროვდა გამოცდილება, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სრულყოფა დაიწყოს.

„ძალიან მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ეს იწყება სწორედ პაციენტის უსაფრთხოების, სამედიცინო მომსახურების ხარისხის მიმართულებით, ეს არის ძირითადი ლოზუნგი. ამ მიზანს მოემსახურება ყველა ის ცვლილება, რაც მოხდება პროგრამაში. ამავდროულად, ხარისხიანი მომსახურება ჩვეულებრივ ხარჯეფექტიანი მომსახურებაა, შესაბამისად, ეს ასევე იმ თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემს, რომელიც საჭიროა, რათა ჩვენს უმწეო მოქალაქეებს გავუფართოვოთ სამედიცინო მომსახურებით პაკეტი და რა პრობლემებიც დღეს არის წამლებთან მიმართებაში, განსაკუთრებით მოწყვლად ნაწილს მიეწოდოს ეს მომსახურება და პაკეტში ჩავრთოთ ამბულატორიული მედიკამენტები. პირველ ეტაპზე მოხდება ყველაზე ოდიოზური, კლინიკებს ვერ დავარქმევდი, არაერთხელ ვუწოდე, რასაც ვფიქრობ, ეს არის საამქრო, რომელიც ემსახურება კონკრეტულად სახელმწიფოდან ფულის გადამუშავებას იმ ადამიანების ინტერესებისთვის, რომლებიც ამ საამქროებს ფლობენ, ხშირ შემთხვევაში პაციენტების ინტერესების საზიანოდ. ამ შემთხვევაში, პირველი ამოცანა მოქალაქეებზე ზრუნვაა, სახელმწიფო ინტერესი ამ შემთხვევაში, სწორედ პაციენტის ინტერესია, ერთადერთი და პრიმა ამოცანა სწორედ ეს გახლავთ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრა წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებთან ჯანდაცვის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითედო ჯაფარიძე აშშ-ში ვიზიტს განაგრძობს
შემდეგი სტატიაესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს