აკაკი მინაშვილი: უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს ეშინია

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი მინაშვილის აზრით, უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს ეშინია. აღნიშნული განცხადება მინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე, “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” შესატანი ცვლილებების იმ პროექტის განხილვისას გააკეთა, რომელიც მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის კიდევ ერთხელ – ამჯერად 2016 წლის 20 თებერვლამდე გადავადებას ითვალისწინებს. მომავალი წლის 20 თებერვლამდე კი, დაკითხვა კვლავ არსებული წესით გაგრძელდება.
როგორც სხდომაზე აკაკი მინაშვილმა განაცხადა, “ეს ყველაფერი საბავშვო ბაღს ემსგავსება”, რადგან “ქართულ ოცნებას” ორ წელზე მეტი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ კანონის ამუშავებისათვის ყველა საჭირო მოქმედება განეხორციელებინა – როგორც სასამართლო ინფრასტრუქტურის, ისე გამომძიებლების, პროკურორების ტრეინინგის კუთხით და ა.შ.
“ჩვენ ორ შემთხვევაში ვნახეთ, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის ლევან იზორიას და სანდრო ბარამიძის, ასევე პარლამენტის წევრების მტკიცე განცხადებები, რომ ამ კანონის მეტი გადავადება არ მოხდებოდა. ახლა რას აკეთებთ? – კანონპროექტს ამახინჯებთ. მინდა ვახტანგ ხმალაძეს კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ეს წინგადგმული ნაბიჯი კი არა, უკან გადადგმული ნაბიჯია. რა არასერიოზულობაა, რა საბავშვო ბაღია, კი მაგრამ ამ ტექნიკური საკითხების შესახებ ორი კვირის წინ არ იცოდით? მესმის, რომ ვეტოს გეშინიათ. მე მგონი მოვლენათა ვითარებას დააკვირდით – პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა და მთელი არასამთავრობო სექტორი მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის წინააღმდეგია. მთელი არასამთავრობო სექტორი ითხოვს იმ კანონის დაბრუნებას, რომელიც 2009 წელს მივიღეთ და თქვენ ვეტოს შიში გაქვთ. ამ შემთხვევაში რა საჭიროა 20 თებერვლამდე გადატანა, გაუგებარია”, – განაცხადა მინაშვილმა და აღნიშნა ისიც, რომ “არავის აქვს გარანტია, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი 20 თებერვალსაც არ გადაიდება”.
საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით” გათვალისწინებული გამოძიებისას დაკითხვის წესი 2015 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს. 2015 წლის 31 დეკემბრიდან კი ძალაში გამოძიებისას დაკითხვის ახალი წესი შედის, რომელშიც მთავრობა და პარლამენტი ცვლილებებს ანხორციელებს “მასში მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზების არსებობის გამო”.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია გამორიცხავს მერიაში სისტემური კორუფციის არსებობას
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე: შესაძლოა “საქართველოს განვითარების ფონდი” პარტიად გადაიქცეს, თუმცა დღეს ის არის ფონდი