აკაკი მინაშვილი – შსს-ს განცხადება არის შიშის გამოვლენა

შსს-ს განცხადება არის შიშის გამოვლენა – შსს და ხელისუფლება თავად განასახიერებს უკანონობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს არის შიში, რადგან კარგად ესმის ხელისუფლებას, რომ პროტესტი არაძალადობრივი, მაგრამ მწვავე, არ გაჩერდება მანამ, ვიდრე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს არ დააკმაყოფილებენ. შსს- ს ეს განცხადება არის შიშის გამოვლენა, ძალიან კარგად ხვდებიან, რომ პროტესტი გაგრძელდება. რაც შეეხება უკანონობას, ხედავთ, რომ არც ოპოზიცია, არც საქართველოს მოქალაქეები არ სჩადიან უკანონობას, პირიქით – შსს და ხელისუფლება თავად განასახიერებს უკანონობას. ნახეთ, რამდენიმე დღის წინ, 50- მდე მოქალაქე დააკავეს სუს-თან და სხვა წერტილებში ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. ერთადერთი საყრდენი, რაზეც დღეს ხელისუფლება დგას, არის უკანონობა და ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ძალიან მალე თუ ხელისუფლება არ წამოვა დათმობაზე და არ გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, მათი მმართველობა დასრულდება. ეს არის კანონზომიერება, რომელიც ისტორიულად ბევრჯერ არის დადგენილი”, – განაცხადა მინაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანა მძიმე მდგომარეობიდან ვადამდელი არჩევნების გზით უნდა გამოვიდეს, ხოლო მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

“შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში არ იქნება გადაყვანილი. მოლოდინებზე საუბარი რთულია ამ ხელისუფლების პირობებში, მე ვიცი, რას გავაკეთებთ ჩვენ, რას გააკეთებს ქართული საზოგადოება. ვიდრე მთავარი საკითხი, რომელიც აუცილებელია ქვეყნისთვის, არ იქნება შესრულებული, ეს საპროტესტო ტალღა არ გაჩერდება. ეს არის გარანტირებული, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ მძიმე მდგომარეობიდან ვადამდელი არჩევნების გზით, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში და უნდა გათავისუფლდეს. ამიტომ, ეს მოძრაობა იქნება უფრო ფართომასშტაბიანი, მრავალფეროვანი და რაც უფრო აგრესიული იქნება ხელისუფლების მოქმედება, არაძალადობრივი, მაგრამ მით უფრო მწვავე იქნება პროტესტი ჩვენს ქვეყანაში,”- განაცხადა მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ომბუდსმენი ხვალ მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავს
შემდეგი სტატიახვიჩია – სააკაშვილი კერძო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ და თან საზღვარგარეთ, მისი თანაგუნდელები შიმშილობის ნაცვლად, ამას უნდა ითხოვდნენ