აკაკი ჩხაიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას უარყოფს

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი აკაკი ჩხაიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, მეორე ტურში, მის მხარდაჭერასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
ჩხაიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან რაიმე შეხვედრას უარყოფს და აცხადებს, რომ მიესალმება ყველას, ვინც მას მხარს დაუჭერს.

„ჩემთან ჯერჯერობით, არავის ჰქონია შეხვედრა. ვინ დამიჭერს მხარს და თუ მისცემენ ამის საშუალებას არვიცი. ვნახოთ. ვისაც უნდა იმან მომცეს ხმა. ვისაც მიაჩნია, რომ მე უფრო მეტს გავაკეთებ, მივესალმები. ზოგიერთივით არ ვყოფ ხალხს. ყველას პატივს ვცემ“,-აღნიშნა ჩხაიძემ.

„ლანჩხუთი პლიუსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ და აკაკი ჩხაიძეს გარიგების შესახებ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აკაკი ჩხაიძეს მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა, რასაც იმით დასტურდება რომ ორიოდე დღის წინ, გურიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე ჩავიდა და განაცხადა , რომ გურიაში არჩევნების მეორე ტურის მოსაგებად პარტია დაუღალავად იბრძოლებდა.

„ბატონი დავითი დიდი კაცია და არა მგონია უმალავდნენ, რომ გურიის ორივე ოლქში „ნაციონალების“ კანდიდატები დამარცხდნენ. ოზურგეთში არჩილ თალაკვაძემ პირველივე ტურში გაიმარჯვა, ხოლო ლანჩხუთსა და ჩოხატაურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ნინო წილოსანი მეორე ტურში დამოუკიდებელ კანდიდატს, აკაკი ჩხაიძეს დაუპირისპირდება. აბა ვისთვის ან რისთვის აგრძელებენ გურიაში ბრძოლას „ნაციონალები“? უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებმა პირდაპირ მიიღეს დავალება აკაკი ჩხაიძის მხადაჭერის მოთხოვნით. ეს ფაქტი ალბათ გასაკვირიც არ იქნებოდა, თავის დროზე სწორედ ვარდოსან თუ ცოცხოსან ხელისუფლებას რომ არ გამოეცხადებია მთავარ კორუმპირებულად აკაკი ჩხაიძე. ჯერ ციხეში რომ არ ჩაესვა და მერე, თავისუფლების სანაცვლოდ, 65 მილიონი რომ არ გადაეხადა რკინიგზის ყოფილ შეფს“,-წერს გამოცემა.

სტატიაში, ასევე საუბარია აკაკი ჩხაიძის მხარდაჭერაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებზე.

„საინტერესოა რას იტყვიან ამ გარიგებაზე ჩხაიძის ის მხარდამჭერები, რომლებსაც „ნაციონალები“ ჭირივით ეზიზღებათ. უცნაურია ჩხაიძის თამაში. ჯერ იყო და ხალხში ხმებს ავრცელებდა, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი მე ვარ და ამას ბატონი ბიძინა ოფიციალურად დააფიქსირებსო. მერე თავად ივანიშვილმა ამხილა ტყუილში, რომელმაც ჟურნალისტებთან განაცხადა – ჩხაიძეს არც კი ვიცნობ და მხარდაჭერას „ოცნების“ კანდიდატს, ანუ ნინო წილოსანს ვუცხადებო. ამის მიუხედავად, ალბათ დღესაც ბევრს ჰქონია, რომ ჩხაიძის მხარდაჭერა მმართველი გუნდის და ივანიშვილის მხარდაჭერას ნიშნავს. ამ დროს კი რკინიგზის დეპარტამენტის ყოფილი შეფი გარიგებაში ნაციონალებთან შედის“,-წერს გამოცემა.

banner
წინა სტატიაშისოხუმში სროლები ისმოდა
შემდეგი სტატიაისტორიკოსი ზაზა აბაშიძე აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების სახელით გავრცელებულ მიმართვაზე ხელი არ მოუწერია