აკაკი ბობოხიძე – ვიდრე „ქართული ოცნება“ არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებას დაიწყებს, სჯობს, იკითხონ, რა რეაგირება გააკეთეს სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმ დარღვევებზე, რაც არჩევნებზე თვალნათლივ ჩანდა

region
ავტ.: region იანვარი 13, 2021 16:09

აკაკი ბობოხიძე – ვიდრე „ქართული ოცნება“ არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებას დაიწყებს, სჯობს, იკითხონ, რა რეაგირება გააკეთეს სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმ დარღვევებზე, რაც არჩევნებზე თვალნათლივ ჩანდა

„არჩევნებიდან მახსოვს იარაღით მორბენალი ხალხი, მახსოვს ჩანაწერები, როცა სხვადასხვა რანგის ხელმძღვანელები დავალებას აძლევდნენ თავიანთ თანამშრომლებს. ამიტომ, ვიდრე „ქართული ოცნება“ არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებას დაიწყებს არჩევნებთან დაკავშირებით მათ როლზე, სჯობს, კანონის შესაბამისად გაატარონ ღონისძიებები და იკითხონ, რა რეაგირება გააკეთა სახელმწიფო ინსტიტუტებმა იმ დარღვევებზე, რა დარღვევებიც თვალნათლივ ჩანდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით განაცხადა.

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ბობოხიძე აცხადებს, „ვერანაირი მოქმედება ვერ იქნება საპირწონე გაყალბებული არჩევნების შესანარჩუნებლად“.

„რომელ პარტიაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი, არ შეიძლება შერჩეს გაყალბებული და მიტაცებული ძალაუფლება რაიმე დათმობის საფასურად. არ შეიძლება ამ წესის დამკვიდრება. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ირჩევს ხალხი. თუ ჩვენ წავალთ იმ გზით, რომ გაყალბებულ არჩევნებს შევარჩენთ ხელისუფლებას, ყოველთვის მოძებნიან სხვა პოლიტიკური პარტიები მომავალში დათმობების ნუსხას, რომლის გამოც, მათ ექნებათ პრეტენზია, რომ უნდა შეინარჩუნონ ხელისუფლება. „ქართულ ოცნებას“ თუ ხმების გადათვლა უნდოდა, ის უნდა გადათვლილიყო იმ საჩივრების საფუძველზე, რომელიც იყო დაწერილი. ამას ვითხოვდით და უნდა გადათვლილიყო დაუყოვნებლივ, სანამ იქნებოდა საკმარისი დრო იმისთვის, რომ მანიპულაციების შედეგად რაღაც შესწორებებზე გაჩნდებოდა ეჭვი. არ ვიცით, რა ხდება ახლა იმ მასალებში, რომელიც არის დალუქული და კონტროლდება „ქართული ოცნების“ მხრიდან. ბუნებრივია მას ვერ ექნება ნდობა“, – განაცხადა ბობოხიძემ.

„სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, რომ ხმების პარალელური დათვლისას სერბული მოდელი გამოიყენეს, თუმცა, NDI-ის ექსპერტები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ, წერილობით არ იყვნენ ინფორმირებული ამ მოდელის შესახებ, რომელიც ბათილი ბიულეტენების დათვლასაც გულისხმობს.

ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობაში განმარტეს, რომ ხმების დათვლისას ხარვეზი ადამიანური შეცდომაა, თუმცა ამ შეცდომის საზოგადოებისთვის დაგვიანებით გაცნობის პასუხისმგებლობა აღმასრულებელ დირექტორს ეკისრება. მოგვიანებით, „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა“ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც.

ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.

region
ავტ.: region იანვარი 13, 2021 16:09