აკაკი ბობოხიძე: პარლამენტის პირველსავე სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს შეუწყვიტოს უფლებამოსილება

„ქართულმა ოცნებამ“ თავი დაანებოს ერთ კვირაზე ლაპარაკს და პარლამენტის პირველსავე სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს შეუწყვიტოს უფლებამოსილება, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების შემდეგ გაგრძელდება.

„დიდი ხანია, დააგვიანეს გადაწყვეტილების მიღება. უკვე მოხსნილი უნდა იყოს იმ დეპუტატებისთვის უფლებამოსილება. ამიტომ დაანებონ თავი ერთ კვირაზე ლაპარაკს. რაც შეიძლება მალე, პირველსავე სხდომაზე იმოქმედონ კანონის შესაბამისად და შეუწყვიტონ უფლებამოსილება დეპუტატებს, ვინც ამის თაობაზე განცხადება დაწერა. ამის შემდეგ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს, როგორ გამოვიდეს ქვეყანა შექმნილი მდგომარეობიდან.

დეპუტატების მიერ მანდატებზე უარის თქმას სწორედაც რომ არ შეჰყავს ჩიხში მოლაპარაკების პროცესი. დღემდე „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებზე ცდილობდა, პარლამენტში შესვლაზე დავეთანხმებინეთ. როგორც კი ეს საკითხი ამოიწურება, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდება, მოლაპარაკებები აწარმოოს გამოსავლის ძიებაზე. შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არ და ვერ იქნება პარლამენტში შესვლა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

პარტია „მოქალაქეებისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრის კომენტირებისას, ბობოხიძემ აღნიშნა, რომ ეს „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული შეხვედრა იყო.

„ალეკო ელისაშვილის და „ქართული ოცნების“ შეხვედრა უკვე გადაიქცა „ქართული ოცნების“ შიდაპარტიულ შეხვედრად. ეს არის მხოლოდ მათი საქმე და სხვა არავისი“, – აღნიშნა ბობოხიძემ.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: პრეზიდენტი ბაიდენი არის ტრანსატლანტიკური კავშირის მხარდამჭერი და საქართველო ამ კავშირის ნაწილია, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ერთად მუშაობენ
შემდეგი სტატიათამაზ ხუბუა: უაფხაზეთოდ საქართველოს მომავალი არასოდეს ექნება!