აკაკი ბობოხიძე – კარგია, თუ ბიძინა ივანიშვილი რამეს გააკეთებს, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ წინა ხელისუფლებასთან ჯიბრის გამო, ეს ყველაფერი გვიანდება

ოპოზიციონერი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის თქმით, კარგია, თუ ბიძინა ივანიშვილი რამეს გააკეთებს, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ წინა ხელისუფლებასთან ჯიბრის გამო, ეს ყველაფერი გვიანდება. ამის შესახებ ბობოხიძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ის წყალტუბოს აღორძინების პროექტს იწყებს.

„პირველ რიგში, ცხადია რომ ეს უკავშირდება 2020 წლის არჩევნებს. მეორე – რამდენად შესრულდება მისი სიტყვა, ამას მომავალი გვაჩვენებს და მესამე – თუ შესრულდება, ცუდი არ არის, კარგია, მაგრამ რაც ყველაზე უფრო მთავარია, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ამ ხელისუფლებას 2012 წელს არ შეეწყვიტა წყალტუბოს განვითარების ის პროექტი, რომელიც უკვე დაწყებული იყო და დღეს წყალტუბო უკვე იქნებოდა შვიდი წლის წინ, არა მარტო წყალტუბო, არამედ მთელი ქვეყანა.

უკეთესი იყო, ბიძინა ივანიშვილს არ დაეფრთხო ინვესტორები იმ განცხადებით, რომ წყალტუბოში აკრძალავდა კაზინოებს და ამის გამო, ინვესტორების ნაწილმა, რომლებსაც უკვე ინვესტიცია დაწყებული ჰქონდა წყალტუბოში, უარი თქვეს. უკეთესი იყო, რომ მოსვლისთანავე ბიძინა ივანიშვილს არ განეცხადებინა, რომ პარლამენტს დააბრუნებდა თბილისში, რომელიც შემდეგ მინუმიმ ოთხი თუ ხუთი წელიწადი ვერ განხორციელდა და ამითაც არ დაეფრთხო ინვესტორები წყალტუბოში. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კარგია, თუ რამეს გააკეთებს, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ წინა ხელისუფლებასთან ჯიბრის გამო ეს ყველაფერი გვიანდება“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ქვეყანა კარგავს დროს და დრო ყველაზე დიდი კაპიტალია.

„მახსოვს ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა და დაწყება გაცხადებული 2016 წლის არჩევნების წინ. 2018 წელს უკვე სტუდენტები უნდა მიეღოთ და ვიცით, რა მდგომარეობაშია ამ წუთში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეის განხორციელება. ასევე, მე ვშიშობ, რომ დაახლოებით იგივე ბედი ეწევა ამ იდეასაც“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად.

banner
წინა სტატიაშიციხელაშვილი ახალგორში გარდაცვლილ ქალზე: ის ნამდვილად საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლია
შემდეგი სტატიავანში მამის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულ პირს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა