აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ საქართველოში რუსოფობია არ არის, ქვეყანაში ანტისაოკუპაციო განწყობაა

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს არ უნდა უკვირდეს, თუ საქართველოში რუსეთის მიმართ მძიმე დამოკიდებულებაა, რადგან ოკუპირებული ვართ და ლავროვი რას ელოდება, ოკუპაციას მოახდენს, მაგრამ ბედნიერები ვიქნებით? – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, რომელიც სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რუსეთის მიმართულებით საქართველოდან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

ბობოხიძის თქმით, საქართველოში რუსოფობია არ არის, ქვეყანაში ანტისაოკუპაციო განწყობაა.

„საქართველოს მოსახლეობას ოკუპანტი არასდროს მოეწონება, რომელი სახელმწიფოს წარმომადგენელიც არ უნდა იყოს. ეს ლავროვს არ უნდა უკვირდეს, რადგან მიზეზი ჩვენში არ არის, რუსეთის მოქმედებაშია. რუსეთი ყველა ღონისძიებას გაატარებს, სადაც კი დაინახავს, რომ საქართველოს ატკენს. რუსეთზე რაც უფრო ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული, მით მეტად დაკარგავს აზრს ამა თუ იმ ღონისძიების გატარება ეკონომიკის სფეროში. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყანა რუსეთზე დამოკიდებული ნაკლებად იყოს. რუსეთმა სანქციებისგან თავი მხოლოდ ერთი რამის გამო შეიკავა, ჩვენი ეკონომიკისთვის მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ არა დამღუპველი და მიხვდა, რომ ამით მიზანს ვერ მიაღწევდა. პირიქით, საქართველოს კიდევ უფრო დაშორდებოდა. იმედი მაქვს, საქართველოს მოსახლეობა ამას არასოდეს შეეგუება და ოკუპაცია დასრულდება”, – განაცხადა ბობოხიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ის საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის მომხრეა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა
შემდეგი სტატიაჩვენი პრეზიდენტი წარსდგა ციყვისა და მტრედის სიმბოლოთი, რაღაც ფლორა და ფაუნაზე ილაპარაკა – გოცირიძე