აიუფ ბორჩაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელია

აიუფ ბორჩაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელია

ფერტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაპატიმრებული აიუფ ბორჩაშვილი ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირს ადასტურებს. ფარულ ვიდეოჩანაწერში, რომელზეც ბორჩაშვილის და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის ირაკლი ჩიმაკაძის შეხვედრაა გადაღებული, ბორჩაშვილი აცხადებს, რომ ის ხალიფატის წარმომადგენელია საქართველოში და მისი ერთ–ერთი ფუნქცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერებისგან ბაიათის (ფიცის) მიღებაა.

სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის აიუფ ბორჩაშვილის და ირაკლი ჩიმაკაძის შეხვედრის ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე პროკურატურამ მტკიცებულების სახით წარმოადგინა.

როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განმარტა, ფარული გადაღება ახმეტის პოლიციაში, 2015 წლის მაისში განხორციელდა. ჩანაწერი დაახლოებით 40 წუთიანია და ხმა ცუდად ისმის.

ირაკლი ჩიმაკაძე: როგორ არის ხეობაში სიტუაცია?

აიუფ ბორჩაშვილი: არის რა, ჩვენთვის კარგად და რავიცი.

ირაკლი ჩიმაკაძე: ბოლობოლო საით ხარ, ისლამურ სახელმწიფოში ხარ, კავკასიის იმარატში ხარ?

პასუხი არ ისმის.

ირაკლი ჩიმაკაძე: აქ რამდენი კაცი ხართ, ხეობაში? ხელმძღვანელად ისევ შენ რჩები?

აიუფ ბორჩაშვილი: აქ კი.

ირაკლი ჩიმაკაძე: ხალიფი შეგეცვალათ? მოკვდა და ახალი დანიშნესო…

აიუფ ბორჩაშვილი: ცრუ ინფორმაციაა. შევეკითხე ბიჭებს სირიაში და ტყუილიაო.

ირაკლი ჩიმაკაძე: ხალიფი რომ შეიცვალოს უნდა წახვიდე იქ და ახალი ფიცი უნდა მისცე თუ როგორ არის რელიგიურად?

აიუფ ბორჩაშვილი: არვიცი წინასწარ. რელიგიურად არ არის პრობლემა.

ირაკლი ჩიმაკაძე: ბოლოს როდის იყავი იქ (სირიაში)?

აიუფ ბორჩაშვილი: მაშინ რომ გელაპარაკე, ეგ იყო.

ირაკლი ჩიმაკაძე: მაშინ ნახე ხალიფი?

აიუფ ბორჩაშვილი: არ მინახავს მე ხალიფი საერთოდ.

ირაკლი ჩიმაკაძე: აბა ვინ მოგცა უფლება აქ მაგათი სახელით რომ მოქმედებ?

აიუფ ბორჩაშვილი: არ არის პრობლემა კაცო. შარიათიც არ არის პრობლემა. არიან ხალხი…

ირაკლი ჩიმაკაძე: შენი ფუნქცია რა არის, რისთვის დაგნიშნეს?

აიუფ ბორჩაშვილი: ჩემი ფუნქცია არის ის, რომ როგორც ასეთი, თუ მაქვს საშუალება გაჭირვებულს დავეხმარო, თუ დამახმარებენ თანხას.

ირაკლი ჩიმაკაძე: ხალიფატი გამოგიგზავნის შენ თანხას?

აიუფ ბორჩაშვილი: თუ გამომიგზავნის… ეგ არის, რომ არ მიგზავნიან.

ირაკლი ჩიმაკაძე: უნდა გამოგიგზავნონ თანხა და შენ უნდა დაეხმარო მოსახლეობას?

აიუფ ბორჩაშვილი: მოსახლეობას არა, ვინც უშუალოდ გარდაიცვალა იქ ბრძოლების დროს, მათ ოჯახებს. ჩემი ფუნქციაა ბაიათის მიღება.

ირაკლი ჩიმაკაძე: ვინც ფიცს აძლევს ისლამურ სახელმწიფოს, მერე რას აკეთებს ის კაცი, უნდა წავიდეს სირიაში?

აიუფ ბორჩაშვილი: თავის ნებაა წავა თუ არა. რელიგიურად მათი წარმომადგენელია. ჩვენი ვალია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერა, ღმერთის სიტყვის ამაღლება. საქართველოში არ არის ამის ვალდებულება, სხვა ქვეყნის არვიცი, მაგრამ აქედან ვისაც უნდა, ის წავა.

ირაკლი ჩიმაკაძე: ფული?

აიუფ ბორჩაშვილი: ფულს გამონახავს, კაცო, რა უნდა. 40 ლარი თუ რაღაცა ღირს ავტობუსი.

ირაკლი ჩიმაკაძე: საქართველოში რატომ ცდილობთ ეგეთი რაღაცა გააკეთოთ?

აიუფ ბორჩაშვილი: როგორი რაღაცა?

ირაკლი ჩიმაკაძე: აი, ვიღაცეები რომ იძახიან „ისლამურ სახელმწიფოს“ მხარი დავუჭიროთო, ხომ იცი „ისლამური სახელმწიფო“ როგორც არის დღეს გამოცხადებული?

აიუფ ბორჩაშვილი: ტერორისტული ორგანიზაცია არ ვართ. კი, იქ რაღაც ხდება, მაგრამ ყველას თავისი მიდგომა აქვს. ჩვენ ვცდილობთ ისლამის ზეწოლისგან გათავისუფლებას.

ჩანაწერში აიუფ ბორჩაშვილი სირიაში წასულ 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილსა და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილზეც საუბრობს და ამბობს, რომ როცა მშობლებმა მას მიაკითხეს და სთხოვეს – ბავშვების დაბრუნებაში დახმარებოდა, ის ბიჭებს დაუკავშირდა, მაგრამ მათ დაბრუნებაზე უარი თქვეს: „დავურეკე, იქნებ უკან მობრუნდეთ მაქედან, პირდაპირ მეთქი. ჩვენ ღმერთის გზაზე ვართ წამოსულები, თქვენს ინტერესებს პატივს ვცემთ, მაგრამ აზრი არ აქვს ლაპარაკსო და გამითიშეს“– ამბობს აიუფ ბორჩაშვილი.

კონტრტერორისტული ცენტრის უფროსთან საუბარში ბორჩაშვილი ISIS ერთ–ერთ ლიდერს თარხან ბათირაშვილსაც ახსენებს: „ურთიერთობა მქონდა, ნათესავია ჩემი. დედაჩემი და მაგის დედა ნათესავები არიან. რელიგიის საქმე გვქონდა ერთმანეთში“, – აღნიშნავს აიუფ ბორჩაშვილი.

სასამართლო პროცესზე აღნიშნულ ვიდეოჩანაწერთან ერთად კიდევ ერთი ფარული ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც ამავე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული გიორგი კუპრავა „ისლამურ სახელმწიფოში“ წასვლასთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბრობს. პროკურატურა აიუფ ბორჩაშვილს კუპრავას და კიდევ ორი ახალგაზრდის „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებისთვის გადაბირებასაც ედავება, თუმცა ჩანაწერში კუპრავა ამბობს, რომ სირიაში წასვლაში არავინ ეხმარება.

პროკურორის განმარტებით, გიორგი კუპრავას ფარული ვიდეოგადაღება 2015 წლის ივნისში, კონტრტერორისტული ცენტრის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ნადიბაიძემ განახორციელა. ისინი ერთმანეთს სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში შეხვდნენ. კადრში ჩანს, რომ კუპრავა და ნადიბაიძე ჩაის სვამენ და საუბრობენ.

დავით ნადიბაიძე გიორგი კუპრავასთან საუბარს იწყებს კითხვით, რატომ გადაწყვიტა ისლამურ სახელმწიფოში წასვლა, რაზედაც კუპრავა პასუხობს, რომ ბაშარ ალ ასადის რეჟიმთან საბრძოლველად და მუსლიმების დასახმარებლად მიდის. ნადიბაიძე 1.20 საათიან ვიდეოში კუპრავას დაახლოებით 10-ჯერ ეკითხება ვინ ეხმარება წასვლაში, თუმცა კუპრავა ყოველ ჯერზე პასუხობს, რომ არავინ ეხმარება.

დავით ნადიბაიძე: ისლამურ სახელმწიფოში გაწევრიანებაში ვინმე ხომ უნდა დაგეხმაროს?

გიორგი კუპრავა: გაწევრიანება რად მინდა, სახელმწიფოა.

დავით ნადიბაიძე: სახელმწიფოს რას ეძახი? გსმენია, რომ ისლამური სახელმწიფო ტერორისტული ორგანიზაციაა?

გიორგი კუპრავა: ჩემთვის არაა. იქ ვინც ცხოვრობს მილიონობით ადამიანი ტერორისტია? ყველა ის შემადგენლობა აქვს, რაც სახელწიფოს სჭირდება.

დავით ნადიბაიძე: როგორ წარმოიშვა?

გიორგი კუპრავა: ბრძოლით.

დავით ნადიბაიძე: რას აკეთებს „ისლამური სახელმწიფო“?

გიორგი კუპრავა: მოწყალებას არიგებს გაჭირვებულებზე, სახლებს აშენებს, გზებს აგებს, ოღონდ ბრძოლის მდგომარეობაში.

დავით ნადიბაიძე: ყველაფერი შენით მოიფიქრე, გადაწყვიტე, დაგეგმე, დაალაგე, თვითონ მიხვდი რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ უნდა დაეხმარო?

გიორგი კუპრავა: კი, უნდა შევეწინააღმდეგო ასადის რეჟიმს. სიტყვით, ბავშვების დაცვით თუ სამედიცინო დახმარებით.

ვიდეოჩანაწერში დავით ნადიბაიძე კუპრავას პანკისის ხეობაში ვიზიტის შესახებაც ეკითხება, თუმცა კუპრავა არ ასახელებს ვის ესაუბრა ხეობაში სტუმრობისას. ჩანაწერის დასასრულს, ნადიბაიძე კუპრავას ურჩევს სირიაში წავლა გადაიფიქროს, რაზედაც გიორგი კუპრავა პასუხობს: „თუ ვერ წავედი, ყველა გზას ვცდი, მეორედ ვცდი, მესამედ…“

სასამართლო პროცესზე მცირე კომენტარი ბრალდებულმა აიუფ ბორჩაშვილმაც გააკეთა: „ჩვენ საქართველოს მტრები არ ვართ. ვცდილობდით, რომ საქართველოში არაფერი მომხდარიყო და არაფერი გაფუჭებულიყო“.

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი, 36 წლის აიუფ ბორჩაშვილი 2015 წლის 14 ივნისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ აიუფ ბორჩაშვილი არის სირია-ერაყის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი საქართველოში. იგი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, სირიაში მათ გამგზავრებას უზრუნველყოფდა. აიუფ ბორჩაშვილს ბრალი ედება სკოლის მოსწავლეების, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის და 18 წლის რამზან ბაღაკაშვილის გადაბირებასა და სირიაში გაგზავნაშიც. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში აიუფ ბორჩაშვილს ათიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბორჩაშვილის გარდა დაკავებულები არიან თბილისში მაცხოვრებლები: 23 წლის გიორგი ხუტუნიშვილი, 21 წლის გიორგი კუპრავა და 18 წლის დავით ფირისებია. მათ წინააღმდეგ გამოძიება სსკ–ის 328–ე მუხლით მიმდინარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი აიუფ ბორჩაშვილმა გადაიბირა და „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანებისთვის, თურქეთის გავლით სირიაში მიემგზავრებოდნენ.

წყარო:

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე დაკითხვის დეტალებზე საუბრობს (ვიდეო)
შემდეგი სტატიასაბურთალოს სასაფლაოზე დაჭრილი 2 პირიდან ერთი პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს