აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდირების შემდეგ, გარდამავალ პერიოდს ირანის პრეზიდენტი და კიდევ ორი პირი გააკონტროლებენ ,- ინფორმაციას ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
როგორც ისლამური რესპუბლიკის მედიის იუწყება, მემკვიდრეობის შესახებ კონსტიტუციური დებულებების შესაბამისად, დროებითი ხელმძღვანელობის საბჭო ქვეყნის გარდამავალ ფაზას გააკონტროლებს. საბჭოს წევრები იქნებიან – ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და მეურვეთა საბჭოს მაღალი თანამდებობის პირი. ხამენეის თანაშემწემ დაადასტურა, რომ სამწევრიანი ორგანო პასუხისმგებლობას გარდამავალ პერიოდში აიღებს.
საერთაშორისო მედია წერს, რომ ირანის კონსტიტუციის 111-ე მუხლის თანახმად, უზენაესი ლიდერის გარდაცვალება ან ქმედუუნარობა იწვევს დროებითი ხელმძღვანელობის საბჭოს ფორმირებას, რომელიც ახალი ლიდერის დანიშვნამდე სახელმწიფო საქმეების მართვას განახორციელებს.
მომავალ ლიდერს მაღალი რანგის 88 სასულიერო პირისგან შემდგარი არჩეული ორგანო, ექსპერტთა ასამბლეა შეარჩევს. ეს პროცესი, კონსტიტუციის თანახმად, რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.
ამ დრომდე გაურკვეველია, ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ხამენეი, რომელსაც, ოფიციალურად, მემკვიდრე არ ჰყავს.















