აგურებში დამალული 298 კგ ჰეროინის საქმეზე დაკავებული მძღოლის ადვოკატები კომპანიის წარმომადგენლების დაკითხვას ითხოვენ

აგურებში დამალული 298 კგ ჰეროინის საქმე – ტრაილერის დაკავებული მძღოლის, ფრიდონ მაღლაკელიძის ადვოკატები იმ პირების გამოკითხვას ითხოვენ, ვინც აგურებში გადამალული ნარკოტიკი საქართველოში გამოგზავნა.

უფლებადამცველი, ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ გამოძიებას 4 თვის შემდეგაც არ დაუკითხავს იმ კომპანიის წარმომადგენლები და ის პირები, ვინც ტრაილერში აღნიშნული აგურები მოათავსა.

ადვოკატის განმარტებით, გაუგებარია, მძღოლის პასუხისგებაში მიცემა, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ნარკოტიკებთან დაკავშირებით არაფერი უთქვამთ – “არავის არ ჰქონდა ამის ინტერესი, რომ მძღოლი ჩაეყენებინა საქმის კურსში”.

დააკავეს მძღოლი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე სახის უკანონო ნივთიერებაზე იყო საუბარი. საინტერესო ის არის, რომ ის პირები, ვინც ჩააწყვეს და მოათავსეს აღნიშნული აგურები მანქანაში, გამოკითხულებიც კი არ არიან და ისინი არ არიან პასუხისგებაში მიცემულები.

გაუგებარია, მძღოლის პასუხისგებაში მიცემა მაშინ, როდესაც მძღოლს არც არავინ უთხრა და რა თქმა უნდა, არც არავინ ეტყოდა, არავის არ ჰქონდა ამის ინტერესი, რომ მძღოლი ჩაეყენებინა საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ შემოდიოდა ნარკოტიკი.

რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, ეს არის ძვირადღირებული აგური, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენ, რომ იმ აგურების შიგნიდან ნარკოტიკული ნივთიერება ინახება,” – თქვა ტარიელ კაკაბაძემ.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, სომხეთიდან მომავალმა ტრაილერმა გუგუთის საბაჟო უპრობლემოდ გამოიარა, თუმცა ბათუმში აკრძალული ნივთიერება სკანერების დახმარებით აღმოაჩინეს.

ამოღებულია 85 მილიონის ღირებულების “ჰეროინი”. ირკვევა, რომ ნარკოტიკი აგურის იმიტაციის 600 ბლოკით იყო შეფუთული. მკვლელი ნივთიერება საქართველოს გავლით ჰოლანდიაში უნდა გადაეტანათ.

banner
წინა სტატიაშისასახლის ღობის საქმე – სასამართლოზე კობახიძის და იოსელიანის დაკითხვა მოითხოვეს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის პირველი განმარტება 4 ოქტომბერს მომხდარზე