სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა.
“იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოში, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინდივიდუალური მეწარმე ზ. მ.-ის (მისამართი: წყალტუბო, სოფელი მაღლაკი) აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების გარეშე საქმიანობდა.
2019 წლიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების მიმართ საკანონმდებლო მოთხოვნები გამკაცრდა.
სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას”,_ აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
















