აგრესიული შინაარსის ბანერების დამკვეთი წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი ალექსანდრე მეგუთნიშვილი აღმოჩნდა

თბილისის ქუჩებში გაკრული ბანერების – “არა ნაცებს, არა ბოროტებას” დამკვეთი ბიზნესმენი, წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი ალექსანდრე მეგუთნიშვილია. ინფორმაციას ამის შესახებ “კურიერი” ავრცელებს, ადასტურებს თავად მეგუთნიშვილიც. ის ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს სრულიად უკანონოდ იყო დაკავებული და ამ ფორმით საკუთარი პოზიციის გამოხატვა სცადა. ბიზნესმენი იმასაც ამბობს, რომ პირები ვინც მაშინ მას თანხა გამოსძალეს ამ დრომდე ხელისუფლებაში რჩებიან.

ალექსანდრე მეგუთნიშვილის ინფორმაციით, “ქართულ ოცნებასთან” ბანერებთან დაკავშირებულ ყველა ტექნიკურ დეტალს მისგან დამოუკიდებლად “ობიექტივის” დამფუძნებელი, მირიან ყარაულაშვილი აგვარებდა.

„ჯერ კიდევ მუშაობენ ის ადამიანები, ვინც ჩემს დაჭერაში მიიღო მონაწილეობა. ის ვისთანაც ფული მივიტანე, დღეს ამ ხელისუფლებას კი უზის ბუნების დაცვაში და მეორე დღესაც სუს-ში მუშაობს.

ეს ვერ ვაპატიე ამათ. მე მოვითხოვე, რომ ბანერზე ეგენიც ყოფილიყვნენ გამოკრულები, მაგრამ მსხვილები დაბეჭდეს, ეგეც სასაყვედურო მაქვს. დიზაინი ჩემთან ერთად შეარჩიეს, მომეხმარნენ. ვინ დამეხმარა და ჩემი მეგობარია ერთ-ერთ პიროვნება, რომელიც მუშაობს „ქართულ ოცნებაში“, მირიან ყარაულაშვილი. მე ჩემი ფეხით მივედი. 10 დღეზე მეტია დავდივარ თბილისში კონსულტაციებზე. მე ვთხოვე, ამ 50 ათასი ლარის ფარგლებში მინდა რომ შევწირო. მირიანი აგვარებდა ყველაფერს. სალომე ზურაბიშვილის კამპანია მე დავაფინანსე ბანერებით,“-აცხადებს “წინანდლის ღვინის ქარხნის” მფლობელი ალექსანდრე მეგუთნიშვილი

მეგუთნიშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ შემომწირველიც იყო. მაშინ მან მმართველ გუნდს 60 ათასი ლარი გადაურიცხა, ამჟამად კი ბანერებისთვის თითქმის 52 ათასი ლარი გაიღო.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“ ამჯერად კახეთის ორგანიზაციის 10-მდე წევრმა დატოვა
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“ აჭარის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს