აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კენჭი არ უყარა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს კენჭი არ უყარა.

ამის მიზეზად კომიტეტის თავმჯდომარე სოფლის მეურნეობის პროგრამებისთვის დაფინანსების შემცირებას ასახელებს.

მისი თქმით, კომიტეტი მიესალმება ბიუჯეტის გაზრდას ნებისმიერ სექტორში, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია სწორედ აგრარული დარგი.

„4 მილიონი ლარით ვამცირებთ ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამას, ასევე შემცირებული არის სურსათის უვნებლობის, მცენარეთა დაცვის მიმართულებით სახსრები. მესმის, შეიძლება, ფაროსანაზე არ იყოს იმდენივე საჭირო, რამდენიც იყო წელს ან შარშან, მაგრამ ჯერ ეს არ ვიცით. ასევე, შემცირებულია ვეტერინარული პრეპარატების სახელმწიფო კონტროლი და მონიტორინგი. ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც კომიტეტშიც არაერთგზის გვქონდა განხილვა. გარდა ამისა, ანალოგიური მდგომარეობაა მევენახეობა-მეღვინეობის ნაწილში, გადამამუშავებელი მრეწველობის თვალსაზრისით“, – განაცხადა დეპუტატმა.

ოთარ დანელია ამბობს, რომ ერთიანი აგროპროექტის ნაწილში მოთხოვნილი იყო 265 მლნ და მხოლოდ 129 მილიონია გათვალისწინებული.

„ასევე, მაინტერესებს რატომ არის იგნორირებული პროგრამა „დანერგე მომავალი“. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა და რეალურად გამოდის, რომ პრაქტიკულად მხოლოდ იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეძლებს სამინისტრო, რაც მოქმედია“, – აღნიშნა დანელიამ.

მან მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, 5 მლნ ლარია გამოყოფილი, მოთხოვნილი 35 მლნ ლარის ნაცვლად.

„ეს არის მთელი რიგი საკითხები, რის გამოც დღეს ვერ დავაყენებთ ბიუჯეტის აღნიშნულ პროექტს კენჭისყრაზე. მოგმართავთ თხოვნით, გადახედოთ ციფრებს, გაიაროთ კონსულტაცია მთავრობაში და დაბრუნდეთ უკვე განახლებული ციფრებით“, – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ოთარ დანელიამ.

banner
წინა სტატიაში“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი ოთარ კახიძეს მიმართავს-მოემზადე, ლუზერო