20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

აგრარულ მიმართულებაზე პირველკურსელებს სტუ-ის ნაცვლად სოხუმის უნივერსიტეტი მიიღებს

აგრარული მიმართულება, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები, მთლიანად გადადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პირველკურსელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად უკვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს, – აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება სტუდენტებს, რომლებიც დღეს სწავლობენ ამ მიმართულებებზე, რა თქმა უნდა, ისინი დაამთავრებენ სწავლას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. გარკვეული პერიოდი იყო საჭირო იმისთვის, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს გაევლო შესაბამისი აკრედიტაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ახლა კი, ეს პროცესი უკვე დასრულებულია.

საზოგადოებას მსურს ასევე ვაცნობო, რომ ორმა რეგიონულმა უნივერსიტეტმა – შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა – გაიარეს აკრედიტაცია, რომ განახორციელონ ტურიზმის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამები.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ რეფორმის ფარგლებში, რეგიონულ უნივერსიტეტებთან მიმართებით, პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა ვიწრო პროფილური მიმართულებები, მათ შორის პედაგოგიური, ტურიზმი და აგრარული საგანმანათლებლო პროგრამები. უნივერსიტეტებს, რომლებსაც ახალი მიმართულებები დაემატათ, რა თქმა უნდა, გაეზარდათ მიღების კვოტებიც“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

banner
წინა სტატიაშიგანათლების რეფორმის სიახლეები: სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული, ხოლო ზუგდიდსა და ახალციხეში ტურიზმის პროგრამები ამოქმედდება
შემდეგი სტატიამიქანაძე: 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება სასკოლო ფორმების რეალიზაცია