აგონიაში მყოფი ხელისუფლება, დადგმული შოუ – ამ სიტყვებით აფასებს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ნაციონალური მოძაობის სიის პირველი ნომერი, ლევან ვარშალომიძე აუდიტის სამსახურის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ დღეს აუდიტის სამსახურმა ამომრჩევლების მოსყიდვის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, რამდენიმე პარტიის შემომწირველი და წევრი დააჯარიმა, ხოლო ლევან ვარშალომიძის მიერ ამომრჩეველთა შესაძლო საქმეზე თქვა, რომ მასალების შესწავლა მის კომპეტენციაში არ შედის და ეს პროკურატურის საქმეა.
ლევან ვარშალომიძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას მზაობა გამოთქვა, საგამოძიებო უწყების დაინტერესების შემთხვევაში, კითხვებს უპასუხოს.
“ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი. ყველგან მივალთ, როდესაც უნდათ, სადაც უნდათ,”- განაცხადა ვარშალომიძემ.
ლევან ვარშალომიძემ ასევე განაცხადა, რომ დაკითხვები იყო დადგმული შოუ.
“დღევანდელი დღე ნათელი მაგალითია, თუ რამდენად აგონიაშია ხელისუფლება, ქართული ოცნება. შოუ, რომელიც იყო დადგმული, დაკითხვებით, დაბარებებით, მოწმობს, რომ ჩვენ ვიყავით მართლები. რაც გვინდოდა, იმას გავაკეთებთ 2016 წლის 9 ოქტომბრიდან. ჩვენ მაინც ავაშენებთ სოციალურ სახლებს,”- განაცხადა ვარშალომიძემ.
დავის მიზეზი ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო კამპანია გახდა, შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა საარჩევნო კამპანიის პერიოდში მოქალაქეებთან ხელშეკრულებები გააფორმა და აიღო ვალდებულება, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მათთვის სოციალურ სახლებს ააშენებდა.