30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

აღსრულების ბიუროში გამოსახლების 602 საქმეა, რომელთა აღსრულებაც 2022 წლამდე დაიწყო

წარმოებაშია გამოსახლების 602 საქმე, რომლის აღსრულების პროცესი 2022 წლამდე დაიწყო,“ – ამის შესახებ  bpn.ge-ს  ცნობით, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის სოფიო ხორგუანის კითხვის პასუხად აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა.

პარლამენტის წევრი უწყებისგან დეტალურად ითხოვდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ 2022 წლამდე დაწყებული და ჯერ კიდევ მიმდინარე საქმეებიდან, რამდენი ითვალისწინებდა უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას (გამოყვანას).

„დღეის მდგომარეობით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის – აღსრულების პოლიციის სამმართველოს წარმოებაშია სხვისი მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის (გამოსახლების) 602 საქმე, რომლის აღსრულების პროცესი დაიწყო 2022 წლამდე“, – ნათქვამია უწყების ოფიციალურ პასუხში.

2015 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საქართველოში ე.წ. „საპოლიციო გამოსახლების“ მექანიზმი გაუქმდა. აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე, მესაკუთრეს უფლება ჰქონდა, ხელშეკრულების დარღვევის ან ფართის უკანონოდ დაკავების შემთხვევაში, პოლიციისთვის მიემართა და გამოსახლების პროცედურა სასამართლოს გარეშე დაწყებულიყო.

ცვლილებების შემდეგ, უძრავი ქონებიდან პირთა იძულებითი გამოყვანის ერთადერთ სამართლებრივ ბერკეტად სასამართლოსთვის მიმართვა განისაზღვრა. იურისტების განმარტებით, ამ ტიპის დავების სრულად სასამართლო სისტემაში გადატანამ, საერთო სასამართლოების გადატვირთულობის ფონზე, საქმეების განხილვის ვადები მნიშვნელოვნად გაახანგრძლივა.

შესაბამისად, მესაკუთრეებს საკუთრებაში არსებული ფართების გამოსათხოვად ჯერ სასამართლო დავის დასრულება, ხოლო შემდგომ სააღსრულებო ფურცლით აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მიმართვა უწევთ, რაც ჯამში პროცესს წლების განმავლობაში აჭიანურებს.

banner
წინა სტატიაშიძეხვეულის ეტიკეტირება მკაცრდება — მთავრობამ ახალი რეგულაცია დააწესა
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკი სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ჯარიმებს მკვეთრად ზრდის