აღსარება თუ პასუხი საზოგადოებას-ჯუმბერ იზორია საგანგებო ფეისბუქ პოსტს ავრცელებს

უკვე რამოდენიმე დღეა ვაკვირდები ჩემი ჩხოროწყუელების და ქართველი ხალხის აქტიურობას და ამ მართლა ბინძური და ამაზრზენი კადრების გასვლის მერე გადავწყვიტე, რომ დამეტოვებინა ჩემი თანამდებობა. ვუსმენდი, ვუყურებდი და ბოლოს საჭიროდ ჩავთვალე ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს მივსცე ახსნა-განმარტება და ვუთხრა სიმართლე: მქონდა ინფორმაცია, რომ დადიოდნენ ე.წ. ყოფილი კუდის და პოლიციის ყოფილი თანამშრომელი და ჰქონდათ დავალება მაკომპრომიტირებელი მასალები მოეპოვებიათ.

ვინაიდან რეალურს ვერაფერს მიაკვლიეს განიზრახეს რაიმე შეეთითხნათ. ერთ-ერთმა მათგანმა კარგად იცოდა, რომ ადრეულ პერიოდში ჩემს მშობლებს ჰქონდათ პატარა ხის ჯიხური, სადაც კანონიერად დროგამოშვებით ყიდდენ პირველადი მოხმარების სურსათ სანოვაგეს. დაახლოებით 1 წლის უკან როცა ჩემს ოდაბადეში მივედი სტუმრად, ვთხოვე ჩემს მოხუც მშობლებს, რომ ვინაიდან იყვნენ ღმა მოხუცებულობის ასაკში და თან ვალებიც ედებოდათ, ყველაფერ ამის გამო, თავი დაენებებიათ სურსათის გაყიდვისთვის და შევპირდი, რომ ყოველთვე იმაზე მეტს დავეხმარებოდი ფინანსურად რამდენსაც ადრე ვუგზავნიდი. მოხუცმა მშობლებმა მიიღეს ჩემი თხოვნა და მეორე მისვლაზე ჯიხური არ დამხვედრია და ის ჰქონდათ აღებული. რაც შეეხება ჩემი მშობლების სახლის წინ რამოდენიმე თვის წინ ყოფილი კუდის და პოლიციის ყოფილი თანამშრომლის მიერ ინსცენირებულ და დამონტაჟებულ კადრებს, აგიხსნით, რომ ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელი, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებ, ქალაქ ზუგდიდში შეხვდა კუდის ყოფილ მაღალჩინოსანს და შეიმუშავეს გეგმა, რომ ეყიდათ უაქციზო სიგარეტი და დაედგათ ეს სპექტაკლი.

ამ ბნელი გეგმის შესასრულებლად კი შეარჩიეს ისეთი დრო როცა მოხუცი მშობლები იმყოფებოდნენ მარტო და მშობლების სახლში მისულებმა შექმნეს ილუზია, რომ თითქოს უაქციზო სიგარეტი იყიდეს მათგან. იმ გადაღებებშიც ბევრი რამ შეეშალათ. პირველი ის, რომ ერთ-ერთი მათგანი იძახის მომეცი 2 სიგარეტიო და მანქანასთან მისული კადრში აჩვენებს მხოლოდ უქციზო სიგარეტის ერთ კოლოფს, რომელიც მათ მიერ იქ სპეციალურად იყო მიტანილი და ფიზიკურად ხელზე გადაცემასაც ვერ დააფიქსირებდნენ, რადგანაც რეალურად ჩემი მშობლების სახლში არ იყიდებოდა არანაირი უაქციზო სიგარეტი. აღნიშნული ყალბი კადრები დაამონტაჟეს თვითონ და შემდგომ მიაწოდეს ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს, რომლებიც თვეების მანძილზე ინახავდნენ აღნიშნულ კადრებს.

შენახვის მიზანი კი ბატონებო იყო აჟიოტაჟის წამოწყება და შავი პიარი. მე ვფიქრობ, რომ ამ სიუჟეტის შემქმნელ-დამმონტაჟებლებმა მოატყუეს “რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებიც კი, ვინაიდან როდესაც ჟურნალისტები ჩამოვიდნენ ფაქტის გადასამოწმებლად და გადაღების მიზნით, ფიქრობდნენ, რომ ასეთ ფაქტს მართლა ჰქონდა ადგილი. ყოველივეს ვასკვნი გამომდინარე იქიდან, რომ სანამ ჟურნალისტები მივიდოდნენ მშობლების სახლში კომენტარისთვის, მანამდე სახლში ჩემს მშობლებს მიუგზავნეს მოქალაქე, რომელმაც იკითხა იყიდებოდა თუ არა სიგარეტი, რაზეც მათგან მიიღო უარი. მშობლებმა, მას უთხრეს, რომ არანაირი სიგარეტი არ იყიდებოდა. აღნიშნულის შემდგომ ვფიქრობ ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს თავად მისულიყვნენ მშობლების სახლში და ადგილზევე გაერკვიათ ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი თუ არა. სამწუხაროდ ჟურნალისტებმა აირჩიეს ფაქტის გარკვევის არასწორი მეთოდი და მაპროვოცირებელ ფონზე დაუწყეს მშობლებს დამონტაჟებული კადრების ჩვენება და მათ ეუბნებოდნენ, რომ ეს კადრები რამოდენიმე თვის წინ იყო გადაღებული ამ ოჯახში და რომ ეს ფაქტი დაედასტურებინათ. რათქმაუნდა ჟურნალისტებმა მიიღეს უარი და დაიწყეს დაჟინებული მოთხოვნა გინდათ თუ არა თქვით, რომ თქვენს ოჯახში უაქციზო სიგარეტი და ნავთობი იყიდებოდაო. ამასობაში შეგროვდნენ ნათესავებიც, რომლებსაც ასევე ჟურნალისტებმა უჩვენეს დამონტაჟებული კადრები.ჩემი ნათესავები მიხვდნენ, რომ ეს კადრები იყო დამონტაჟებული და სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

ჟურნალისტებს ეუბნებოდნენ 35 წლის ბიჭი მივაბარეთ მიწას და ჯერ ორმოციც არ არის გასული და სთხოვეს დაემთავრებინათ ეს უსაფუძვლო შანტაჟი და ხმაური ანდა ოჯახში შესულიყვნენ და გადაეღოთ ყველაფერი ან წასულიყვნენ სახლიდან. ამის პასუხად ჟურნალისტებმა თქვეს, რომ არ აინტერესებდათ თუ ვინ იყო გარდაცვლილი და არც გარდაცვლილის ასაკი და აინტერესებდათ იყო თუ არა ბატონ ლევან იზორია ჩემი ნათესავი და მოითხოვდნენ რომ ეს ეღიარებინათ, რასაც მოჰყვა სიტუაციის დაძაბვა, რაც თავის მხრივ გადაიზარდა კამათში, ხოლო რეპორტაჟი აღნიშნულ კამერის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტს სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია. ამის შემდგომ ვინაიდან ვერ მიიღეს ვერანაირი მტკიცებულება გაბრაზდნენ და ჩემს ნათესავებს დაემუქრნენ ამას არ გაპატიებთო, რის შემდეგაც იძულებულნი გახდნენ ჩაეწერათ ისეთი ადამიანები რომლებიც განაწყენებულნი იყვნენ ამ ხელისუფლებაზე და თან გაუშვეს ის კადრები, რომლებიც ყოფილი პოლიციელის და ყოფილი კუდის მაღალჩინოსნის მიერ იყო ინსცენირებული და დამონტაჟებული.

აქვე მინდა განვმარტო, რომ ყოფილი პოლიციელი და ყოფილი კუდის მაღალჩინოსანი არიან ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე არაერთხელ იყვნენ შემჩნეულები ადამიანებისთვის ნარკოტიკული საშუალებებისა და იარაღის ჩადებაში, ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებასა და გავრცელებაში და სხვა პროვოკაციულ და უკანონო ქმედებებში. რაც შეეხება გოგი სორდიას კომენტარს, რათქმაუნდა იგი გაბრაზებულია ჩხოროწყუზე და ჩხოროწყუელებზე, ვინაიდან უნდოდა რაიონის გამგებლობა, რაზეც მას ხალხმა უარი უთხრა, ვინაიდან ჩხოროწყუელებს კარგად ახსოვთ მისი წარსული, როცა იგი წინ მოუძღოდა სამეგრელოს ამაოხრებელ მხედრიონთა ლაშქარს, რის გამოც 25 წელი დატოვებული ჰქონდა ჩხოროწყუს რაიონი. რაც შეეხება კორნელი წურწუმიას, რომელმაც გაამართლა ყოფილი კუდის მაღალჩინოსნის და ყოფილი პოლიციელის მიერ დადგმული სცენარი და ამაზრზენი უწოდა ჩემს ოთხმოც წელს მიღწეული მგლოვიარე მშობლების ქმედებას, მაგის პასუხი საზოგადოებისთვის მიმინდვია. მე ვურჩევდი კარგად გაიაზროს თუ რა ქმედებებს სჩადის და თუ რა თამაში ითამაშა, შეგნებულად თუ შეუგნებლად და ვურჩევდი მინიმუმ მივიდეს ჩემს მგლოვიარე მშობლებთან და ბოდიში მაინც მოუხადოს მათ.

ანალოგიურად განაწყენებულია კორნელი წურწუმიაც, რომელიც დაჟინებით და უტიფრად მოითხოვდა მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის ბესიკ ესებუას მოხსნას და მის ადგილზე დანიშვნას. ხოლო რაც შეეხება ყოფილი პროკურორის მურთაზ ზოდელავას ბრალდებებს, რომელიც ეხებოდა ვითომ ჩემს უკანონო ბიზნესსაქმიანობას, რესტორნებს ქსელს და კაფე-ბარებს. ნებისმიერმა ჩხოროწყუელმა იცის, რომ ასეთი რამ ბუნებაშიც არ არსებობს და თუ რამ გააჩნიათ, ისიც ჩემს ნათესავებს აქვთ მცირე ბიზნესი, რასაც ათეულობით წლებია რაც უძღვებიან კანონის სრული დაცვით და მათ მიერ მოპოვებული თითოეული თეთრი არის მოპოვებული სუფთა საქმიანობით და არის დასაბუთებული.

აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი ძმებიდან ერთ-ერთი დაახლოებით 20-25 წლის უკან იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში, სადაც ჰქონდა წარმატებული ბიზნესი. ჩემი თხოვნით მან გაყიდა იქ რაც კი ქონება გააჩნდა და საქართველოში წამოიწყო ბიზნესსაქმიანობა. მე მინდა მურთაზ ზოდელავას შევახსენო 2011 წელი, როცა მის პროკურორობის პერიოდში ჩემს ნათესავებს იძულებით დაადებინეს კაბალური ხელშეკრულება 15 წლის ვადით და ჩამოართვეს ბენზინგასამართ სადგური, რომელსაც დღესაც ვერ იბრუნებენ და ასეთ ფონზე მე მდებენ ასე უტიფრად ბრალს სხვადასხვა ჩრდილოვან ბიზნესსაქმიანობაში. რაც შეეხება ბატონ ლევან იზორიას, რომელიც უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ, სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ნათესაური კავშირი. ბატონი ლევანი მხოლოდ ჩემი მოგვარეა და მე მას უდიდეს პატივს ვსცემ როგორც უნიჭიერეს და გაჭირვებაში ნასწავლ პიროვნებას. ხოლო იმ ადამიანებს ვინცა არ მცნობს და რომელთაც უჩვენეს ასეთი შეკერილი უმძიმესი კადრები, მე მათ მინდა მივმართო რამოდენიმე სიტყვით ჩემს წარსულ ცხოვრებასთან დაკავშირებით – დავიბადე და გავიზარდე მრავალშვილიანი გლეხის ოჯახში. ვინაიდან დედმამიშვილები ხუთნი ვიყავით და ჩემი მშობლები კი იყვნენ გლეხები, ისინი ჩვენს რჩენას მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური შრომითღა ძლივს თუ ახერხებდნენ, რის გამოც ბავშვობის ასაკიდან ჩართული ვიყავი ყველანაირ ფიზიკურ შრომაში. სამწუხაროდ ძმებს ბევრჯერ მშივრებს გაგვიტარებია დღეები.

18 წლის ასაკში გამიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, საიდანაც მოვხვდი ავღანეთის ომში, დედამიწის ზურგზე ყველაზე ცხელ წერტილში, სადაც ორწელიწადნახევარი ვიბრძოდი დესანტ-მოიერიშე ბატალიონში. ავღანეთის ომში ორჯერ მძიმედ ვიყავი დაჭრილი. ომიდან დაბრუნებული დამიბარა რაიონის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ და შემომთავაზეს სამსახური პოლიციაში, რაზედაც მე დავთანხმდი. ომის პერიოდში გამოჩენილი მამაცობისთვის ვიყავი დაჯილდოვებული არაერთი მედლითა და ორდენით. ყველასთვის ცნობილია 90-იანი წლები, როცა საქართველოში დაიწყო საომარი მოვლენები და ჩვენს ტერიტორიების მთლიანობას დაემუქრა საფრთხე მაშინაც აქტიური მონაწილეობა მივიღე სამშობლოს ტერიტორიული მთლიაონობის დაცვაში. ამის შემდგომ დაიწყო აფხაზეთის ომი, სადაც ჩემს მეგობრებთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული მოხალისედ საომარ მოქმედებებში და სოხუმის დაცემამდე არ მიმიტოვებია ბრძოლის ველი. მერე იყო შიდა არეულობები, რომელთა დარეგულირებაშიც და სამეგრელოშიც ჩატარებულ თითქმის ყველა სამართალდაცვით ღონისძიებებში აქტიურად ვიყავი ჩართული. შემდეგ იყო პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები, სადაც ასევე ანალოგიურად აქტიურად ვიყავი ჩართული წესრიგის დამყარებაში. ქართველთათვის უმძიმეს 2008 წლის აგვისტოს ომშიც მოხალისედ წავედი და თან წავიყვანე ავღანეთში ნაომარი ბიჭები.

ყველა იმ ღონისძიებებში, სადაც ქვეყანას ესაჭიროებოდა ვიდექი მის გვერდით და ვიღებდი აქტიურ მონაწილეობას და ასე იქნება მუდამჟამს და დავდგები იქ საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი თუ ამას მოითხოვს ჩემი ქვეყანა, სამშობლო და ხალხი. ხოლო რაც შეეხება ამ პოსტზე ჩემს ექვსწლიან მუშაობის პერიოდს, ეს არ უკავშირდებოდა ვინმეს მხრიდან ჩემს მფარველობას. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩემი და ჩემი უდიდესი კოლექტივის 24 საათიანი დაუღალავი მუშაობის შედეგი, რომელიც უკავშირდებოდა საზოგადოებაში სიმშვიდეს და სიწყნარეს. მაგალითისთვის გეტყვით , რომ უკვე მეოთხე წელია ჩხოროწყუში არ მომხდარა მძიმე კატეგორიის დანაშაული, როგორიცაა ყაჩაღობა, ძარცვა. ასევე რაც დრო გადის იკლო ქურდობის ფაქტებმა, ხოლო მოხდარი დანაშაულების 90 % იხსნება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს მიღწეული იყო ჩემი გმირი კოლექტივის ერთად დგომითა და დამსახურებით. ჩხოროწყუში და სრულიად საქართველოში პოლიციელის სახელი არაა დაკავშირებული ძალადობასთან და ჩემი თანამშრომლების აქტიური მუშაობით გვაქვს ახლო კონტაქტი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და ახალგაზრდობასთან ვარ უზომოდ ბედნიერი, რომ წვლილი მიმიძღვის ჩხოროწყუელი ახალგაზრდობის სამომავლო ხედვების ჩამოყალიბებაში, რომ მათ სურთ გახდნენ პოლიციელები და ემსახურონ ქვეყანას. როგორც ჩხოროწყუს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ლია ჯალაღონიამ მიამბო, მათ ჩაუტარებიათ გამოკითხვა ერთ-ერთ საჯარო სკოლაში თუ რა მიმართულებას და პროფესიას აირჩევდნენ ბავშვები. გამოკითხული ბავშვების 80%-ს იურისპრუდენციის დაუფლებისა და პოლიციელად მუშაობის სურვილი გამოუთქვამს.

ეს იყო ბატონებო ამდენი ხნით ჩემი შეუცვლელობის მიზეზი. მე 32 წელი ვიმსახურე ძალოვნებში სხვადასხვა თანამდებობებზე და ბევრად უფრო მაღალ თანამდებობებზეც კი, მაგრამ არავის პატრონობა არასდროს არ დამჭირვებია. ვიყავი, ვარ და ვიქნები ჩემი ქვეყნის და ხალხის დაუღალავი მსახური, ხოლო თქვენ კი ბატონებო ვინც ამ ბინძურ თამაშში მიიღეთ მონაწილეობა ნებით თუ უნებლიეთ გადაკვეთეთ ყოველგვარი წითელი ხაზი, არაფრად ჩააგდეთ მგლოვიარე ღრმად მოხუცი ადამიანების შეურაცხყოფა. შეეხეთ ჩემს ღირსებას და ოჯახს. არც ის გაითვალისწინეთ, რომ ვიყავი ამდენი ომების აქტიური მონაწილე და რომ სიცოცხლეში არ მიცხოვრია არაკაცურად. იქნებ გამცეთ პასუხი, როცა ავღანეთის ომში მძიმედ დაჭრილი ღმერთს ვევედრებოდი არ მოვმკდარიყავი ისე რომ არ მღირსებოდა საქართველოს ჰაერის ერთხელ ჩასუნთქვა, რის შემდეგაც სიამოვნებით მივებარებოდი უფალს, თქვენ სად ბრძანდებოდით მაშინ ბატონებო? იქნებ სადმე კურორტებზე ისვენებდით და განებივრებულნი იყავით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ თქვენ ისეთი თამაშის წესები წამოიწყეთ წინასაარჩევნოდ, რომელიც არცერთ მორალურ, ზნეობრივ, ადამიანურ და კაცურ ჩარჩოებში არ ჯდება. მინდა შეგახსენოთ ტერორისტებიც კი არ კადრულობენ და ერიდებიან ისეთ ადგილს სადაც არიან მოხუცები, ბავშვები და უმწეო ხალხი. იქნებ პატარა შვილსაც და შვილიშვილებსაც დააკავოთ ხელში სიგარეტი ან ნარკოტიკული საშუალება და გადაუღოთ კადრები და ისიც გააშუქოთ. ბატონებო, მე ასეთი ცხოვრებით არასდროს არ მიცხოვრია და ვერასდროს წარმომედგინა თუ ქართველ კაცს შეეძლო მოეფიქრებინა და ეკადრებინა მსგავსი სისაძაგლე. ადამიანს თუ ვნახავდი წაქცეულს ყოველთვის ვცდილობდი ფეხზე წამოყენებას და ომში ზურგშექცეულ მტრისთვისაც კი არასდროს არ დამიხლია ტყვია და დაკავებულ ადამიანთან ხმამაღლაც კი არასდროს მისაუბრნია. ამაში ნებისმიერი ჩხოროწყუელი დამეთანხმება.

მე პატაკი თვითონ დავწერე, როცა ვერ ავიტანე ასეთი ბინძური მეთოდებით ბრძოლა. ჩემთვის თანამდებობა არასდროს არ ყოფილა ადამიანურ ღირებულებებზე უფრო მაღალი და მნიშვნელოვანი. მე ჩემს თანამდებობრივ პოზიციას სწორედ რომ ქვეყნისთვის და ხალხისთვის საკეთილდღეოდ ვიყენებდი და არსადროს ბოროტად არ მისარგებლნია ამ თანამდებობით. უდიდესი მადლობა ბატონ მინისტრს, რომ გაითვალისწინა ჩემი თხოვნა ჩემი სამსახურიდან წასვლის შესახებ. მე უდიდესი მადლობა მინდა მოვუხადო ჩემს ხელმძღვანელობას და ჩემს უდიდეს კოლექტივს, რომლებთანაც ერთად 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობდი, რომ საზოგადოებას თავი ეგრძნო მშვიდად და დაცულად, რისთვისაც ძალ-ღონეს არ ვიშურებდით. ჩემს კოლექტივთან ერთად მადლობა მინდა გადავუხადო მათ ოჯახის წევრებს, რომ მათ ესმოდათ ჩვენი და ჩვენი სამსახურის სპეციფიკის. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ჩხოროწყუს და ჩხოროწყუელებს, რომლებმაც ამდენი სიყვარული და სითბო გამოხატეს ჩემს მიმართ. როცა თქვენგან გამოგზავნილ წერილებს ვკითხულობ არაერთხელ მომრევია ცრემლი.

მადლობა თითოეულ თქვენგანს ასეთი ლამაზი და თბილი სიტყვებისთვის. ვერ წარმომედგინა თუ ასეთ სიყვარულს გამოხატავდით ჩემს მიმართ. მე ბოდიში მინდა მოვუხადო ხანდაზმულ 80 წლის ასაკს გადაცილებულ ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც მოდიოდნენ და მთხოვდნენ თანამდებობა არ დამეტოვებინა. ამ ეტაპზე მე ეს თხოვნა ვერ შეგისრულეთ. რაც შეეხება ჩემს მომავალ მოღვაწეობას, ვიქნები იქ სადაც ჩემს ქვეყანას, სამშობლოს და ხალხს დასჭირდება და მუდამ ვიქნები ხალხის სამსახურში, ხოლო ამ ბინძური სიუჟეტის და კადრების შემქმნელებზე საბოლოოდ ვიტყვი, რომ ღმერთის გეშინოდეთ ბატონებო და დარწმუნებული ვარ თქვენ ხალხი გაგცემთ საკადრის პასუხს. მადლობა ყველას-წერს ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსი ჯუმბერ იზორია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამო რუსეთს “ადეკვატური და მკაცრი პასუხი” ექნება
შემდეგი სტატიამელანია ტრამპი: ქმრის ღალატის შესახებ ხმებს ყურადღებას არ ვაქცევ