15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაში გარკვეული ცვლილებები შევიდა

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მარშრუტების დაგეგმარების სამსახურის უფროსმა, მერაბ მამულაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაში გარკვეული ცვლილებების შეტანის თაობაზე.

„კერძოდ, დღეს, 11 აპრილს 24:00 საათიდან მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება 12 აპრილის 04:00 საათამდე. ამასთან, 11 აპრილის 23:00 საათიდან გახანგრძლივებული დროის ჩათვლით, მგზავრთა მომსახურება იქნება უფასო“, – აღნიშნა მამულაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულის გარდა, 12 და 13 აპრილს გათვალისწინებულია სპეციალური მარშრუტები სასაფლაოების მიმართულებით, რომლებიც დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 ჩათვლით იმოძრავებენ და ამ პერიოდში ამ სპეციალური მარშრუტებით მომსახურება უფასო იქნება.

როგორც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მარშრუტების დაგეგმარების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, ეს მარშრუტები იმოძრავებენ სხვადასხვა პუნქტებიდან, სადაც ძლიერი მგზავრთნაკადია.

„დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან, „თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ მგზავრთა მომსახურება განხორციელდება, როგორც მუხადგვერდის სასაფლაოს, ასევე ვაშლიჯვრის დასახლების მიმართულებით. ღრმაღელეს სასაფლაოს მიმართულებით მომსახურება განხორციელდება მეტროსადგური „სარაჯიშვილიდან“.

კუკია-მახათას მიმართულებით მომსახურება განხორციელდება, როგორც სადგურის მოედნიდან, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე მარჯანიშვილის მოედნიდან. ვარკეთილის სასაფლაოსთან მგზავრებს შეეძლებათ მისვლა, როგორც მეტრო „ვარკეთილიდან“, ასევე მესამე მასივიდან, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. ვერის სასაფლაოს მიმართულებით მარშრუტი იქნება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან, ეს იგივე აფრიკის დასახლებაა. საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით მარშრუტები ტრადიციულად მეტროსადგურ „დელისიდან“ იმოძრავებენ.

ვაკის სასაფლაოს მიმართულებით მარშრუტები ისედაც მოძრაობს ინტენსიურად, შესაბამისად დამატებით სპეციალური მარშრუტების გაშვება საჭიროებას არ წარმოადგენს.

ასევე, ვერეს სასაფლაოს მიმართულებით მარშრუტი სამუშაო დღის განრიგით არის გათვალისწინებული. ავჭალის სასაფლაოს მიმართულებით, იქ, სადაც მარშრუტები მოძრაობს, ასევე გაძლიერებული შემადგენლობით არის გათვალისწინებული. კიდევ თბილისის ზღვას დამატებით მარშუტი ემსახურება 360 ნომერი, რომელიც გადასასვლელი ხიდიდან პარალელურად ემსახურება ამ ნაწილს.

ამ საკითხებში ჩართული იქნება, როგორც თვითონ სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები, რომ ოპერირება გაუწიონ, ასევე ყოველთვის ჩვენ გვერდით იყვნენ და დღესაც ვიმედოვნებთ, რომ საპატრულო პოლიცია მაქსიმალურად შეეცდება, გზაზე შეუფერხებელი მოძრაობა იყოს.

მხოლოდ სპეციალური მარშრუტები იქნება უფასო, რომელიც მე ჩამოვთვალე“, – განაცხადა მამულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის იუსტიციის სამინისტრომ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველი ორგანიზაციების“ სიაში დაამატა
შემდეგი სტატიამსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა