,, აღარ გვაქვს დრო სასამართლო სისტემაში არსებულ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს ვუპასუხოთ უბრალო ნაბიჯებით”

ჩვენ აღარ გვაქვს დრო სასამართლო სისტემაში არსებულ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს ვუპასუხოთ უბრალო ნაბიჯებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით აკადემიური წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

“ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო ანალიზის თვალსაზრისით, თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს სასამართლოში და რა ნაბიჯებია მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასადგმელი, რომ მინიმალური პოზიტიური რესურსი ავამუშაოთ სასამართლოში ნეგატიური პროცესის შესაჩერებლად და ახალი პროცესის დასაწყებად. მე მგონია, რომ ეს პროცესი უნდა წარიმართოს ძალიან კონსტრუქციულად. დღეს იყო შეხვედრა პროფესიულ წრეებთან და ჩვენ გავაგრძელებთ ამ შეხვედრებს.

ჩვენ აღარ გვაქვს დრო ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს ვუპასუხოთ უბრალ ნაბიჯებით. ეს პასუხისმგებლობა როგორც პრეზიდენტზე, ასევე პარლამენტზეა. ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში ვხედავთ პრობლემებზე სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია არსებული შეცდომების ანალიზით, კონსენსუსს დაფუძნებული ჯანსაღი პროცესი წარიმართოს”, – განაცხადა ჩიხრაძემ.

როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, თანამდებობა გასულ კვირას დატოვა. პრეზიდენტი ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევას დღეიდან იწყებს, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი ახალი კონსტიტუციის ამოქმედებას დაელოდება, რომლის მიხედვით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და ზოგადად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში პრეზიდენტი აღარ მონაწილეობს. ამ ეჭვის საფუძველს ის ფაქტობრივი გარემოებაც ქმნის, რომ ორ წელზე მეტია პარლამენტში პრეზიდენტის მიერ წარდგენილია უზენაეს სასამართლოში არსებულ სამ ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეობის კანდიდატები, თუმცა აღნიშნული საკითხი პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში დღემდე არ დამდგარა. ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, მათ შორის თავმჯდომარეს პარლამენტს ასარჩევად იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარუდგენს.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა საუდის არაბეთის მოქალაქე გადაარჩინეს, რომელიც ყაზბეგში, გველეთის ჩანჩქერთან დაგორდა
შემდეგი სტატიაელისო კილაძემ და ზაზა სარალიძემ სტრასბურგში ვიზიტის ჩაშლის მიზეზებზე გერმანიის საელჩოში წერილი შეიტანეს