აგარანის მამულს, სადაც ქორწილი რუსულენოვანმა ქალებმა ჩაშალეს, გიორგი ჭიღლაძისთვის გირაო ამ დრომდე არ გადაუხდია.
ამის შესახებ ჭიღლაძის ადვოკატმა, მარიამ დურგლიშვილმა, გამოცემასთან „მთავარი ამბები კახეთიდან,” განაცხადა.
“როგორც ჩემთვის ოჯახისგან არის ცნობილი, მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა მათაც ახალი ინფორმაცია არ აქვთ და ელოდებიან.
რაც შეეხება ჩემს მოქმედებებს, ვეცადე აგარანის მამულში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, კონკრეტული ჩანაწერების შესამოწმებლად, რადგან რიგი დეტალები დასაზუსტებელი იყო. თუმცა, ამის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ მომეცა. ველოდებით პროკურატურას და ვფიქრობ, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც პროკურორი შვებულებიდან დაბრუნდება.
გამოძიებას ოფიციალურად უნდა ეცნობებინა ჩემთვის, დადგა თუ არა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი აღნიშნული ქალბატონების მიმართ, თუმცა ამ დრომდე არც ამაზე მაქვს ინფორმაცია. მათთან კომუნიკაცია ვერ შევძელი, რადგან შვებულებაში იმყოფებიან.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ აღნიშნული ქალბატონები ახორციელებდნენ პროვოკაციულ ქმედებებს, კერძოდ, სითხის გადმოსხმასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ასევე, ჯერ არ გვაქვს გიორგი ჭიღლაძისთვის მიყენებული დაზიანებების შესახებ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. მას ცალკე ექსპერტიზა არ ჩატარებია. დასკვნა მომზადდება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის ჩანაწერებისა და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაღებული ფოტომასალის საფუძველზე” ,- თქვა ჭიღლაძემ.
გიორგი ჭიღლაძე შსს-მ 19 ივლისს, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავა. ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვადასხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა.
ჭიღლაძე 21 ივლისს, გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, თუმცა, საბოლოოდ, თანხა მისმა ოჯახმა და მეგობრებმა შეაგროვეს. მოგვიანებით სასტუმრომ განაცხადა, რომ გირაოს თანხას ჭიღლაძის ოჯახს ისინი გადაუხდიან.

















