პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება მიესალმება ნებისმიერ კერძო თუ საჯარო ინიციატივას, რომელიც ქვეყნის გაერთიანებასა და ნდობის აღდგენას ემსახურება.
„რა თქმა უნდა, აფხაზეთში უნდა შედიოდეს საწვავიც, საკვებიც და ყველაფერი, მაგრამ საქართველოს გავლით და არა სოჭის, რუსეთის ან სხვა სახელმწიფოს გავლით. ნეტა ბევრი ასეთი ბიზნესმენი იყოს, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად გაერთიანების პოლიტიკას განახორციელებს“, — აღნიშნა დეპუტატმა.
მახაშვილის განმარტებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის სახელმწიფოს საჯაროდ გაცხადებული პოლიტიკა გააჩნია, რასაც შესაბამისი სამინისტრო და სხვადასხვა პროგრამა უზრუნველყოფს. ამავდროულად, არსებობს ცალკეული ბიზნესმენების ინიციატივებიც, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის დაცვით მოქმედებენ და ამით სახელმწიფოს უდგანან გვერდში.















