აეროპორტების გაერთიანების დირექტორი აცხადებს, რომ ამ დროის მონაცემებით, ქუთაისში, ერთ-ერთი ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დასტურდება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, რომ ამ დროის მონაცემებით, ქუთაისში, ერთ-ერთი ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა.

როგორც ირაკლი ქარქაშაძემ აღნიშნა, მგზავრების შემოწმება დასრულდა და ისინი განთავსებული არიან გაფრენის დარბაზში.

„ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა საჰაერო ხომალდზე ამ დროის მონაცემებით, არ დასტურდება, მგზავრების შემოწმება სრულად დავამთავრეთ და ისინი განთავსებული არიან გაფრენის დარბაზში, აღნიშნული რეისი შესრულდება დღეს, 19:00 საათზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად დაუბრუნდა ოპერირების ჩვეულ რიტმს და განვაგრძობთ საჰაერო ხომალდების მიღებას. არცერთ სხვა რეისს არ ქონია შეფერხება და დაგვიანება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საჰაერო ხომალდს, ჩვენი კომპეტენცია აქ არ არის და შესაბამისი სამსახურები ასრულებენ პროცედურებს. დარწმუნებული ვარ, ისინი თავად გააკეთებენ განცხადებას, თუმცა ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მოცემული მომენტისთვის მიღებული ინფორმაცია არანაირად არ დასტურდება“, – განაცხადა ქარქაშაძემ.

ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში დაბრუნდა. აეროპორტის ცნობით, მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობაზე ინფორმაციის მიღება იყო.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა რუსულ არმიაზე “ყალბი ამბების” გამავრცელებლებისთვის ქონების ჩამორთმევის კანონს ხელი მოაწერა
შემდეგი სტატიამოსკოვმა ოკუპირებულ სოხუმს ბიჭვინთის აგარაკებზე საპროტესტო ნოტა გაუგზავნა