„ადვოკატთა ასოციაცია“ მართლმსაჯულების რეფორმაზე პარლამენტს საკუთარ წინადადებებს წარუდგენს

„ადვოკატთა ასოციაცია“ მართლმსაჯულების რეფორმაზე პარლამენტს საკუთარ წინადადებებს წარუდგენს. თუ რა ცვლილებები უნდა გატარდეს სასამართლო სისტემაში, ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ასათიანი ამ წუთებში „თბილისი მერიოტში“ პრეზენტაციას მართავს.

დავით ასათიანი მიიჩნევს, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უფრო საფუძვლიანად უნდა დამკვიდრდეს და მათ შორის შეეხება გახმაურებულ და პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებს. ასევე კომერციულ დავებზე არაერთგვაროვანი ხედვა უნდა შეიცვალოს და სპეციალიზაცია მოხდეს და განხორციელდეს საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები. ამასთან, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებაზეც საუბრობს და თვლის, რომ არამოსამართლე წევრებს შორის „ადვოკატთა ასოციაციიდანაც“ უნდა იყოს დანიშნული წევრი.

„წარვადგინეთ „ადვოკატთა ასოციაციის“ იურიდიული პროფესიის ხედვა, თუ რა რეფორმები საჭიროებს იმას, რომ ქვეყანაში დავამკვიდროთ სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულება. რომელიც ორიენტირებული იქნება ადამიანის ინტერესებზე, დაამკვიდრებს სამართლის უზენაესობას და არ იქნება მხოლოდ ელიტების ინტერესების დაფუძნებული მართლმსაჯულება. მართლმსაჯულების სისტემას მეტი დემოკრატიზაცია სჭირდება, საზოგადოების აქტიური ჩართულობით, როგორც სისხლის სამართლწარმოებაში, ისე სამოქალაქო დავების განხილვისას. ჩვენი გეგმა ეფუძნება საუკეთესო ევროპულ, დასავლურ გამოცდილებას, ქართულ რეალობასთან ადაპტირებულს, რამაც საერთო ჯამში უნდა შექმნას ხარისხიანი მართლმსაჯულება.

მიგვაჩნია, რომ სისხლის სამართალწარმოებაში არის რეზონანსული, პოლიტიკურად სენსიტიური, პოლიტიკურად აღქმადი საქმეები. ამ მიმართულებით უნდა გაფართოვდეს საზოგადოების ჩართულობა მართლმსაჯულების პროცესში, რაც გამოიხატება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემის გაძლიერებით. ამასთან, მიგვაჩნია, რომ კომერციული დავების განხილვის თვალსაზრისით, უნდა გავითვალისწინოთ ის ევროპული, გერმანული, ავსტრიული, ფინური მოდელები, სადაც პროფესიონალ მოსამართლესთან ერთად სპეციალურ კომერციულ პალატებში ასევე მონაწილეობენ ნაფიცი მოსამართლები ბიზნესსექტორიდან, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, რაც რეალურად შეამცირებს ყველანაირ შესაძლო აღქმას მიკერძოებული სამართალწარმოებისა. გვინდა, რომ უმთავრესი მიზანი და შედეგი, რაც შეიძლება მოჰყვეს შარლ მიშელის დოკუმენტს, ეს უნდა იქცეს იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების გაძლიერების დოკუმენტად და არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური ვაჭრობის საგნად პარლამენტში.

ამასთან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრთა უმრავლესობა მოსამართლე წევრია. მათი არჩევა ხდება მოსამართლეთა თვითმმართველობიდან. შესაბამისად, საზოგადოებასთან პარლამენტს, მათ შორის, იურიდიულ პროფესიას დარჩა მხოლოდ ის ხუთი არამოსამართლე წევრი, რომლის დანიშვნაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გამჭვირვალე და ხარისხიანი მუშაობისთვის. პარლამენტს აქვს უდიდესი როლი არამოსამართლე წევრების შერჩევის პროცესში და კარგი იქნება, თუ უფრო მეტი კონსულტაცია იქნება დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან, რათა მოხდეს მაღალი რეპუტაციის იურისტების არჩევა არამოსამართლე წევრებად“, – განაცხადა დავით ასათიანმა.

banner
წინა სტატიაშირობ პორტმანი – საქართველო აშშ-ის საიმედო პარტნიორია რეგიონში და მას ჩვენი დახმარება სჭირდება
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას უღალატა „ქართულმა ოცნებამ“