7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

ადვოკატს, რომელიც მოქალაქეების 21 000 ლარს უკანონოდ დაეუფლა, ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, თავისი როგორც ადვოკატის პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, დაზარალებულებს სამოქალაქო დავის წარმოებაში დახმარებასა და შესაბამისი სამართლებრივი მომსახურების გაწევას დაპირდა. წარსულში სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლებისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა, თითქოსდა სასამართლოში სარჩელების შეტანის, სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და მათთვის სასურველი სამართლებრივი შედეგის მისაღებად, მოქალაქეებს 21 000 ლარი გამოართვა. თუმცა, მოატყუა დაზარალებულები სასამართლოში მიმდინარე საქმისწარმოების შესახებ. მას, არც სარჩელით მიუმართავს სასამართლოსთვის და დაარწმუნა დაზარალებულები, რომ განხილვა მათ სასარგებლოდ დასრულდა, რის დასადასტურებლადაც გადაუგზავნა სასამართლოს ყალბი გადაწყვეტილებები.

ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
შემდეგი სტატიაზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა