ადვოკატის ინფორმაციით, თორნიკე კაჭარავა ნაცემია

პრეზიდენტის შვილის ანა მარგველაშვილის მეგობარი, რომელიც გუშინ დააკავეს, ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. თორნიკე კაჭარავა ცოტა ხნის წინ უფლებადამცველმა მოინახულა. ირმა ჭკადუას განცხადებით, კაჭარავას ნარკოტიკები სამართალდამცველებმა ერთ-ერთ საავადმყოფოში ჩაუდეს, სადაც ის გამოკვლევებზე იმყოფებოდა. ჭკადუას მტკიცებით, სამართალდამცველები მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ჯერ იარაღის ჩადებას გეგმავდნენ. ადვოკატს არ აქვს ინფორმაცია რა სახის ნარკოტიკების შენახვას ედავებიან თორნიკე კაჭარავას. ირმა ჭკადუა ამბობს, რომ კაჭარავას სამართალდამცველებმა ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს, რასაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ დათანხმდა და სწორედ ამის შემდეგ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

ამ ბრალდებებს ამ ეტაპზე არ პასუხობენ ძალოვან უწყებებში. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო მომდევნო 48 საათის განმავლობაში იმსჯელებს.

საქართველოს პრეზიდენტის შვილის ანა მარგველაშვილისა და პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის მეგობარი თორნიკე კაჭარავა გუშინ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაჭარავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე: საკონსტიტუციო განხილვა თბილისში აუცილებლად გაიმართება
შემდეგი სტატია“დაიცავი კონსტიტუცია” საპროტესტო აქციებს გამართავს